22 თებერვლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტს 180 ერთეული მიკროავტობუსი შეემატება - კალაძე

პუბლიკა

22 თებერვლიდან დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს 180 ერთეული მიკროავტობუსი შეემატება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ შევიძინეთ 300 მიკროავტობუსი. მიმდინარეობს, ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების ჩანაცვლება, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია და მგზავრებისთვის გადაადგილების თვალსაზრისით, პრობლემას წარმოადგენს – არაკომფორტულია და ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს. შესაბამისად, ჩანაცვლების პროგრამა დაწყებულია. 300 ერთეული შესყიდულია. ამ 300 ერთეულიდან 120 უკვე ხაზზე იყო გაშვებული, მუშაობდა, ყველანაირი ტექნიკური შესაძლებლობით აღჭურვილი. ორშაბათიდან კი უკვე დამატებით, 180 ერთეული მიკროავტობუსი გავა ხაზებზე და თბილისის მოსახლეობას მოემსახურება, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ კომპანიამ, რომელიც ამჟამად თბილისში ოპერირებს, მიკროავტობუსების გამოსყიდვის პროცესი დროულად დაასრულოს.