თალაკვაძემ კობახიძის თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოების ინიციატივით ბიუროს მიმართა

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოების ინიციატივით ბიუროს მიმართა.

“მოგმართავთ, რომ პარლამენტის წევრი, უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე წარვადგინეთ თავისუფლების საპარლამენტო ორდენზე და დავაჯილდოვოთ ამ ორდენით. მოგეხსენებათ, რომ მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საკონსტიტუციო რეფორმაში. ის პირადად ხელმძღვანელობდა ამ რეფორმას, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე…

მოგმართავთ, რომ კობახიძე დავაჯილდოვოთ ამ ორდენით. ვფიქრობ, რომ ეს იქნება სიმბოლური და მოკრძალებული აღნიშვნა, იმ წვლილის, რაც მან შეიტანა კონსტიტუციის შესაბამისად, დემოკრატიის განვითარების პროცესში. კანონმდებლობით საპარლამენტო ორდერის დაჯილდოების ნაწილი არის ფულადი ჯილდოც. მქონდა მასთან კონსულტაცია და მინდა გითხრათ მისი სურვილის შესახებ. ის გეგმავს, რომ ეს თანხა გადაურიცხოს ონკოლოგიური დიაგნოზების მქონე ბავშვებს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თავისუფლების საპარლამენტო ორდენი საპარლამენტო ჯილდოა, რომელიც პირს პარლამენტარიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცემა. თავისუფლების საპარლამენტო ორდენით პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით.