სენატორები მელიას საქმეზე: მსგავსი პოლიტიკური დევნა არასდროს არ უნდა მოხდეს

პუბლიკა

საქართველოში პოლიტიკურ კრიზისზე და განვითარებულ მოვლენებზე ერთიან განცხადებას ავრცელებენ აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი და სენატის საგარეო კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში. მათი განცხადებით, საქართველოში პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს.

„ღრმად გვაშფოთებს უკანასკნელ პერიოდში საქართველოში განვითარებული მოვლენები. ქართველი ხალხი კანონის უზენაესობას, დემოკრატიას და სამართლიან და დამოუკიდებელ სასამართლოს იმსახურებს. უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე, ჩვენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბევრჯერ წამოვწიეთ წინ პოლიტიკური დევნის პრობლემა. მაშინ როცა გვახარებს ის, რომ ოპოზიციის ლიდერ ნიკა მელიას დაკავება გაუქმდა, მსგავსი პოლიტიკური დევნა და დაკავებები არასდროს არ უნდა მოხდეს“, – აცხადებენ სენატორები.

მათივე განცხადებით, ახლა პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარე უნდა დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას და პოლიტიკური ატმოსფეროს დეესკალაციაზე იზრუნოს. სენატორები იმედს გამოთქვამენ, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და მშვიდობიანად დასრულდება.