თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე ოთხსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
„ხანძარი გაჩენილი იყო ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე და იყო ცეცხლის გავრცელების საშიშროება. მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს, უსაფრთხოების მიზნით საცხოვრებელი სახლებიდან მოსახლეობის ნაწილის გამოყვანა.
ხანძრის შედეგად ორი მოქალაქე მსუბუქად დაშავდა. მათ აღენიშნებათ მცირე დამწვრობა და ჭრილობა ხელზე. დაშავებულებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ადგილზე აღმოუჩინა პირველადი დახმარება. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.