ISFED-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე იქნება

პუბლიკა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას (ISFED) ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. ორგანიზაციის გამგეობამ ამ  პოზიციაზე ნინო დოლიძე აირჩია. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია ავრცელებს.

ISFED-ის ცნობით, ნინო დოლიძე არის საჯარო პოლიტიკის მაგისტრი. მას აქვს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობის 14-წლიანი გამოცდილება და განხორციელებული აქვს არაერთი პროექტი, რომელიც მიმართული იყო  ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობისთვის.

ბოლო 8 წლის განმავლობაში ის მუშაობდა საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში (IRI) საარჩევნო პროგრამის ხელმძღვანელად, ასევე მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარებისა და ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მიმართულებით. პარალელურად ის გახლავთ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი საარჩევნო და გენდერული თანასწორობის საკითხებში. კითხულობს ლექციებს პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით.

ISFED-ში ამბობენ, რომ ნინო დოლიძე კარგად იცნობს ორგანიზაციას, რადგან 2007-2011 წლებში ის იყო „სამართლიანი არჩევნების“ თანამშრომელი. სხვადასხვა პოზიციაზე, მონაწილეობა აქვს მიღებული 15-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო (OSCE/ODIHR, IRI, NDI, ENEMO) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიაში, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ნინო დოლიძე მოვალეობის შესრულებას 2021 წლის 22 თებერვლიდან შეუდგება.