ბ-ნო ალეკო, როგორც ჩანს, აყოლილი ხართ „ნაცების" რიტორიკას - ღარიბაშვილი ნათესავების შესახებ შეკითხვაზე

პუბლიკა

„ბ-ნო ალეკო, შემიძლია, გიპასუხოთ ამაზე ვრცლად, თუმცა ახლა საინტერესო არ არის. თქვენ აყოლილი ხართ, როგორც ჩანს, ამ ნაცების რიტორიკას და მათ მოგონილს, რომ თითქოს რაღაც კლანი მაქვს თუ კლანი მქონდა”, – ასე უპასუხა პრემიერობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის შეკითხვას.

ელისაშვილმა ღარიბაშვილს მისი ნათესავებისა და მათ შესაძლო კორუფციულ სქემებში ჩართულობასთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა. მანვე იკითხა, თუ რა გარანტია არსებობს იმისა, რომ ღარიბაშვილის მეორედ გაპრემიერების შემთხვევაში „ეს ხალხი ისევ არ დაფაცურდება” და ღარიბაშვილისგან მხოლოდ საყვედურს არ მიიღებს.

„მოდი ჩამოვყალიბდეთ – მქონდა თუ მაქვს? ეგ ვერ გავიგე თქვენგან. თუ [მეტყვით, რომ] მაქვს, გიპასუხებთ, რომ არ მაქვს. არც მქონია არავითარი კლანი. თუ კონკრეტული გვარები გაინტერესებთ და გაინტერესებთ ჩემი ურთიერთობები, მე მგონი საინტერესო არ არის მოსახლეობისთვის.

რაც შეეხება, ზოგადად გეტყვით, თუ ვინმესთან მე ურთიერთობა გავწყვიტე და ეს კონტექსტი იგულისხმეთ, ეს იმიტომ მოხდა, რომ ამ ადამიანებმა სახელმწიფოს კი არ მიაყენეს ზიანი. თუ ვინმეს გულისხმობთ და არ ვიცი ვის გულისხმობთ, შეიძლება მე დავზიანდი ყველაზე მეტად. ეს იყო 6 წლის წინ. შეცდომა ყველას მოსდის. მეც მომდის. ჩვენ უშეცდომოები არავინ არ ვართ. მით უმეტეს, როცა ისეთი საკითხია, ფილოსოფიური, შეგვიძლია ცალკე ვისაუბროთ და აგიხსნით ჩემს მოტივაციას და ჩემს დამოკიდებულებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

მე წესებით ვცხოვრობ. ალბათ ამ ფორმატში ამაზე საუბარი ცოტა უხერხულია და მაქვს წესები ურთიერთობებშიც, ვინც არ უნდა იყოს – ოჯახის წევრი იქნება თუ ნათესავი. ვინც ამ წესებს არღვევს მე ასეთ ადამიანებთან უბრალოდ ვწყვეტ ურთიერთობას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა ელისაშვილის საპასუხოდ.