ყოველდღიურად აქ ვივლით, რათა არ დავუთმოთ საქართველოს დამოუკიდებლობა ამ მონებს - ბუღაძე

პუბლიკა

„ნუ ითვლიან თავებს, საქართველოში ტრადიციულად დიდი და ისტორიული პროცესების კატალიზატორები მცირედნი არიან ხოლმე. თან ჩვენ ბევრნი ვართ – მილიონზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა ოპოზიციის გამარჯვებას და თუკი მილიონი ადამიანი არ გამოვა, ათი ათასობით ადამიანი გამოვა, ხვალ და ზეგ კარგი ამინდებიც დაიწყება და ყოველდღიურად აქ ვივლით, რათა არ დავუთმოთ საქართველოს დამოუკიდებლობა ამ მონებს… მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან და საქართველოც გათავისუფლდება“, – ასე მიმართა პარლამენტის წინ ანტისახელისუფლებო აქციაზე შეკრებილებს მწერალმა ლაშა ბუღაძემ.

„მე კიდევ ერთხელ მივმართავ ახალგაზრდებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც დღეს ამ ეროზიადაწყებული „ოცნების“ რუდიმენტულ სისტემაში არიან, პარლამენტარებს, სამარცხვინოებს, რომლებიც ტაშს უკრავდნენ ჩვენი ლიეტუველი მეგობრის ლანძღვას ღარიბაშვილისაგან, სირცხვილია ეს! ვის უკრავთ ტაშს? გავრილოვს უკრავთ ტაშს? პარლამენტის თავმჯდომარე, თალაკვაძე ან ქალაქის მერი კალაძე, რა რჯით მათ, რომ მიჰყვებიან ამ პოლიტიკურ დასალიერსა და სამარეში ივანიშვილს, დადგნენ ქართველი ერის გვერდით!

თუკი მათ უნდათ შვილებთან ერთად თავმოყვარედ და ღირსეულად გააგრძელონ ამ ქვეყანაში ცხოვრება და გამარჯობა უთხრას ხალხმა, ქუჩაში როცა გამოვლენ. იმიტომ, რომ ეს ეხება საქართველოს მომავალს, საქართველოს სუვერენიტეტს“, – განაცხადა ბუღაძემ.

საპროტესტო აქციამ მთავრობის კანცელარიიდან პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლა. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. აქტივისტებმა პარლამენტის წინ კარვებიც გაშალეს.

დღესვე დაანონსდა მომდევნო აქციაც – 26 თებერვალს, 3 საათზე ოპოზიცია აქცია-მსვლელობას გეგმავს. მათი თქმით, მოითხოვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნეს.