ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე გიორგი მანჯგალაძის სახლში ჩხრეკა ჩატარდა

პუბლიკა

ე.წ. კარტოგრაფების საქმის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი მანჯგალაძის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. ინფორმაცია ამის შესახებ „პუბლიკას“ საქართველოს პროკურატურის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „მთავარმა არხმა“ გაავრცელა. „მთავართან“ საუბრისას მანჯგალაძის სახლის ჩხრეკის ფაქტს ადასტურებს მისი ადვოკატი ზაზა სუხიშვილიც.

„ჩხრეკა ჩატარდა და ამოიღეს მეხსიერების ბარათი და კომპიუტერი (ძირითადად ინფორმაციის მატარებელი რაც არის ხოლმე). ჯერ არ არის ისეთი მონაცემები და ისეთი მტკიცებულებები შეგროვებული, რომ მისი სტატუსი შეიცვალოს. დღეს ის ამ საქმეში მოწმის სტატუსითაა“, – აღნიშნავს ადვოკატი.

შეკითხვაზე – დაიბარა თუ არა პროკურატურამ გამოკითხვაზე გიორგი მანჯგალაძე? – ადვოკატი პასუხობს, რომ არ დაუბარებიათ.


გიორგი მანჯგალაძე სადემარკაციო კომისიას ხელმძღვანელობდა 2006-2007 წლებში. ე.წ. კარტოგრაფების საქმის ფარგლებში მანჯგალაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე რამდენჯერმე იმყოფებოდა.