აშშ ნავალნის მოწამვლისთვის რუსეთს სანქციებს მინიმუმ ერთი წლით უწესებს

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, აშშ გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების გარდა, რუსეთისთვის ყველა სახის დახმარებას წყვეტს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება რუსეთის მიერ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების გამო სანქციების დაწესებას ეხება.

განცხადებაში აღნიშნულია ასევე, რომ აშშ წყვეტს რუსეთისთვის ყველა სახის შეიარაღების ექსპორტს და წყვეტს რუსეთის მონაწილეობით სამხედრო დაფინანსების ნებისმიერ პროგრამას.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ვაშინგტონი რუსეთს უარს ეტყვის ნებისმიერი სახის კრედიტსა და ფინანსურის გარანტიების გაცემაზე, ასევე შეწყვეტს სხვა ფინანსური მხარდაჭერის პროგრამებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობითვე, სანქციები ძალაში მინიმუმ ერთი წელი იქნება. მათივე განცხადებით, შეზღუდვები მხოლოდ მას შემდეგ მოიხსნება, რაც რუსეთი დაადასტურებს, რომ ის არ გამოიყენებს სასიკვდილო ქიმიურ ან ბიოლოგიურ იარაღს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, ასევე შეწყვეტს მსგავსი იარაღის დამზადებას, გამოთქვამს მზადყოფნას დაუშვას გაერო-ს ან სხვა საერთაშორისოდ აღიარებული მიუკერძოებელი დამკვირვებლების ინსპექცია და კომპენსაციას გადაუხდის ყველას, ვის წინააღმდეგაც უკანონოდ გამოიყენა ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო აშშ-მა დღეს შეზღუდვები დააწესა შვიდი რუსი მაღალჩინოსნისა და 14 იურიდიული პირის წინააღმდეგ. ნავალნის მოწამვლის საქმეზე რუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა ევროკავშირმაც.