„მთავარი არხის” ჟურნალისტის მიმართ მუქარისა და ქონების დაზიანების საქმე | ქარტია შსს-ს მიმართავს

პუბლიკა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტრის დროულად გამოიძიოს „მთავარი არხის” ჟურნალისტის მიმართ მუქარისა და ქონების დაზიანების ფაქტი. ამის შესახებ ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ტელეკომპანია „მთავარი არხი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ 2021 წლის 6 მარტს ტელეკომპანიის ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მესტიის მერი დაემუქრა, მოგვიანებით კი, „მთავარი არხის”  ინფორმაციით, გადამღებ ჯგუფს ავტომობილი დაუზიანეს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს მყისიერად გამოიძიონ მომხდარი ფაქტი. ქარტიას მიაჩნია, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა თანამდებობის პირის მხრიდან ჟურნალისტის მიმართ მუქარის ფაქტი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ქარტია გმობს ბოლო პერიოდში მედიის წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების გახშირებულ შემთხვევებს და მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ჟურნალისტთა უსაფრთხოება.