დანიელსონი დარჩება იმდენ ხანს, რამდენიც შედეგის დადებას დასჭირდება | სამადაშვილი

პუბლიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მონაწილეობით ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრები დილიდან განაახლა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ დანიელსონის ვიზიტი საქართველოში გახანგრძლივდა. დილით ოპოზიციასთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა.

მისი თქმით, ის ოპტიმისტურად უყურებს პროცესს, რადგან ევროკავშირმა მოლაპარაკებების პროცესში საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი დადო და დანიელსონი საქართველოში დარჩება იქამდე, ვიდრე მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგით არ დასრულდება.

„მე მინდა ავხსნა, რა მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ეს პროცესი დასრულდება წარმატებით. ამის საფუძველს მაძლევს ის, რომ ევროკავშირმა საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი დადო ამ პროცესში და ამის ძალიან ნათელი გზავნილი მივიღეთ ჩვენ დღეს, როცა მედიატორმა განაცხადა, რომ ის დარჩება ამ პროცესში იმდენ ხანს ,რამდენი ხანიც დასჭირდება შედეგის დადებას. ანუ თუ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა რაიმე ილუზია, რომ ევროპულ მხარეს მოსწყინდებოდა ამ მედიაციის პროცესის ბოლომდე მიყვანა, ჩვენ ძალიან ნათლად ვხედავთ, რომ ევროკავშირმა საკუთარ პოლიტიკურ ამოცანად აქცია მედიაციის პროცესის კონკრეტული შედეგით დასრულება. ოპოზიცია ამ პროცესში მონაწილეობს ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის დასაბრუნებლად. ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ პროცესში მონაწილეობა სანამ არ მივალთ შედეგამდე. ღარიბაშვილი მიემგზავრება ბრიუსელში და ის მიიღებს გზავნილებს ევროპული მხრიდან და ვნახოთ, როგორ შეიცვლება „ქართული ოცნების“ პოზიცია“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მოლაპარაკებების დეტალებზე სალომე სამადაშვილმა არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოებისთვის ცნობილია ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხების სია.

„ჩვენ მედიაციის ძალიან მგრძნობიარე პროცესში დეტალებში შესვლისგან თავს შევიკავებთ. საზოგადოებამ იცის, რა არის ჩვენი პოზიცია, იცის რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები. მათ შორის არის პოლიტპატიმრების თემა და ვადამდელი არჩევნები, თუმცა არა მხოლოდ. არის მთელი რიგი საკითხები, რომლებიც უკავშირდება ქვეყანაში ზოგადად პოლიტიკური გარემოს შეცვლას“, – განცხადა სალომე სამადაშვილმა.

შვედი დიპლომატი ქრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. სამი დღის განმავლობაში შეხვედრები გამართა როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ისე ოპოზიციურ პარტიებთან. გუშინ დღის ბოლოს იყო მოლოდინი, რომ 3-დღიანი მოლაპარაკებების ბოლოს გაიმართებოდა ერთობლივი შეხვედრა ოპოზიციასა და „ოცნებას“ შორის, თუმცა შეხვედრიდან გამოსულმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ბრიუსელში პრემიერ- მინისტრის ვიზიტის შემდეგ განახლდება. არჩილ თალაკვაძემ კი აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან ჯერ კიდევ საჭიროა ნაბიჯების გადადგმა. ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად დღეს გაემგზავრა.