პარლამენტის დეპუტატმა, „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ფრიდონ ინჯიამ პლენარულ სხდომაზე ლევან მამალაძის შეწყალების საკითხზე ისაუბრა. მან პლენარულ სხდომაზე სალომე ზურაბიშვილს მიმართა.
„რა გახდა მამალაძის შეწყალება? ადამიანი, რომელიც თითქმის 19 წელია საქართველოში არ არის. ეს უკვე დასჯაა, იმისთვის, რომ ამ 19 წლის განმავლობაში მთელი ოჯახის წევრები შეეწირა მის ამ მდგომარეობას. ლევან მამალაძე ჩემი არც მეგობარია და არც ნათესავია და გული მტკივა, რომ ამ მხნის განმავლობაში ვერცერთხელ ვერ შეძლო ჩამოსვლა. რა გახდა? რა გააკეთა იმ კაცმა? რა ოქროს ზოდები წაიღო? თუ მოპარული ჰქონდა ხომ გამოჩნდებოდა? გამაგებინეთ”, – განაცხდა ინჯიამ.
ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა, ლევან მამალაძემ, რომელსაც 17 წელი აქვს მისჯილი და ინტერპოლის ცირკულარით იძებნება, 2020 წლის ივნისში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს „უმორჩილესად“ სთხოვა შეწყალება.
„მომეცით საშუალება დავბრუნდე საქართველოში, ვიყო მხცოვანი დედის გვერდით და ამ რთულ პერიოდში, როგორც რიგითი ჯარისკაცი, ვემსახურო სამშობლოს!“, – წერდა ლევან მამალაძე manifest.ge-ზე
ლევან მამალაძემ საქართველო ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლის შემდეგ დატოვა. პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლებამ ბრალად დასდო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვა და 2006 წელს მას თავისუფლების 17 წლით აღკვეთა მიუსაჯა.