ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდაზე - ჯაღმაიძე

პუბლიკა

„ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა“, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე Facebook-ზე ავრცელებს.

ჯაღმაიძის განცხადებით, „ვაქცინაციასთან მიმართებაში ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში“.

„ვაქცინაციასთან დაკავშირებით დღეისათვის ეკლესიას სახელმძღვანელოდ აქვს 11 თებერვლის სინოდის განჩინება, განჩინებაში წერია: მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდ – პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მითუმეტეს დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. შევნიშნავთ, იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროვების, შეურაცხყოფის, ან დევნის, ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში“, – აღნიშნავს ჯაღმაიძე განცხადებაში.


გუშინ, 16 მარტს „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მიმართა სასულიერო პირებს და უთხრა, რომ მათი როლი ვაქცინაციის პროცესში განსაკუთებულია.

„ძალიან გთხოვთ, ექიმებს გვერდში დაგვიდგეთ, ვითანამშრომლოთ, იმიტომ, რომ მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა, ბევრ შემთხვევაში, ექიმზე უფრო ძლიერ. გთხოვთ, განსაკუთრებული თანამშრომლობა იყოს ვაქცინაციის პროცესში. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი შეხვედრისთვის, ყოველთვის ასეა და დიდი პატივია საქართველოს ეკლესიასთან თანამშრომლობა და თქვენთან ერთად ყოფნა“, – მიმართა გამყრელიძემ მღვდელმსახურებს.