არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი რომ იყო, ვერ დავარწმუნეთ მხოლოდ ბატონი გიგა და ბატონი მიხეილი - მდინარაძე

პუბლიკა

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანობასა და ლეგიტიმურობაში ყველა დარწმუნდა, ქართული ოპოზიციის გარდა.

„მსოფლიოში არ დარჩა არც ოფიციალური წარმომადგენელი, დასავლეთზე მაქვს ძირითადად საუბარი, და არც ინსტიტუცია, რომელმაც ხაზგასმით არ თქვა, რომ 2020 წლის არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყო. მხოლოდ საქართველოში დარჩნენ ადამიანები, რომლებიც ამას ჯიუტად იმეორებენ. როდესაც მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის არის ლეგიტიმური რაღაც და ეს ბოკერიასთვის ან სააკაშვილისთვის არალეგიტიმურია, კითხვის ნიშნები აღარ არსებობს.

კი ბატონო, გადავიდეთ ხვალინდელზე სასაუბროდ მოლაპარაკების მაგიდასთან და იქ ვილაპარაკოთ, რას ვშვრებით ხვალ. ეს ჩახურული ფურცელია, უკვე გადაშლილი ფურცელია, დამთავრებული ამბავია და ყველამ იცის ცივილიზებულ სამყაროში, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყო, ყველა ამას ლაპარაკობს. ვერ დავარწმუნეთ მხოლოდ ბატონი გიგა და ბატონი მიხეილი“, – განაცხადა მდინარაძემ.


ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს 16 მარტის სხდომაზე განხილული საკითხების შესახებ საბჭო პრესრელიზს ავრცელებს. როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, ასოცირების საბჭოზე აღნიშნეს, რომ საქართველოში 31 ოქტომბერს და 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო.

თუმცა, საბჭო ასევე შეთანხმდა, რომ საარჩევნო გარემოს განსამტკიცებლად და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისათვის ხელსაყრელი გარემოს გასაუმჯობესებლად, მნიშვნელოვანია საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის ეუთო/ODIHR-ის მიერ გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით გაცემული ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება, ამბიციური და ინკლუზიური საარჩევნო რეფორმის გზით.

ამასთანავე, ასოცირების საბჭომ სინანული გამოთქვა საქართველოში პოლიტიკური პოლარიზების გაღრმავების გამო.