საკარანტინო სივრცეში გარდაცვლილ გალელ ქალზე სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტრო განმარტებას ავრცელებს გალის რაიონიდან, სავარაუდოდ, ექიმთან მისასვლელად გადმოსულ ქალზე, რომელიც ანაკლიაში საკარანტინე სივრცეში გარდაიცვალა.

სამინისტროში განმარტავენ, რომ 16 მარტს, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან სამედიცინო ტრანსპორტის მიერ გადმოყვანილ იქნა შუახნის ქალი. საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ე.წ. გადასასვლელ პუნქტთან გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ადგილზევე შეფასდა, ჩაუტარდა ელ. კარდიოგრაფია და მოხდა მისი სასიცოცხლო პარამეტრების განსაზღვრა.

„ჩატარებული სამედიცინო ღონისძიების შედეგად პაციენტის მდგომარეობა შეფასდა დამაკმაყოფილებლად. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ არ ჩაითვალა საჭიროდ ჰოსპიტალიზაცია, ვინაიდან არ იკვეთებოდა რაიმე სახის ჩივილი. ქალბატონი, დადგენილი წესით, საკარანტინო სივრცეში სასტუმრო „ანაკლიაში“ მოთავსდა. აღსანიშნავია, რომ საკარანტინო სივრცე სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობას ითვალისწინებს. პაციენტის საკარანტინო სივრცეში მოთავსებიდან რამდენიმე საათში ექიმის მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება მოხდა. ადგილზე მისულ ბრიგადას ქალბატონი გარდაცვლილი დახვდა“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.