დღეს, სავარაუდოდ, კიდევ ერთი საერთო შეხვედრა გაიმართება ოპოზიციასთან - კობახიძე

პუბლიკა

ევროკავშირის ოფისში შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ასევე ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მოლაპარაკების დეტალებზე არ ისაუბრა. მისი თქმით, სავარაუდოდ, დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის.

„გაგრძელდება კონსულტაციები. ალბათ ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც იქნება ასეთი კონსულტაციები და დღეს, სავარაუდოდ, კიდევ ერთი საერთო, ერთობლივი შეხვედრა შედგება.

ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ ეს დიალოგი წარმატებით დასრულდება – შეთანხმებით,  თუ იქნება სათანადო მიდგომა ყველა მხრიდან.

კონკრეტულ თემებზე ვისაუბრეთ, რაც უკავშირდება შეთანხმებას და დეტალები განვიხილეთ. ყველაფერი დამოკიდებული იმაზე, როგორ დამოკიდებულებას გამოიჩენენ მხარეები დიალოგის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ვიზიტი საქართველოში გრძელდება. ის ყოველდღიურად მართავს შეხვედრებს როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან. დღეს მან განაცხადა, რომ შეხვედრები საქმიანია და იმედია, კონკრეტულ შედეგამდე მივა.