30 წელია, გვაქვს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის მეურნეობა არ გვაქვს - ელისაშვილი მინისტრს

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში სოფლის მეურნეობისა და განათლების მინისტრს, ლევან დავითაშვილს მინისტრის საათის ფარგლებში უსმენენ. დავითაშვილს შეკითხვით მიმართა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა და დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმაც:

„ბ-ნ ლევან, არმიაში არის ეგეთი წესი (უფრო ადრე იყო), რომ სარდლები ბრძოლას თუ წააგებდნენ და მათი დაშვებული შეცდომის ბრალი იყო, მერე თავს იკლავდნენ. არაერთი ასეთი შემთხვევაა. რატომ ვთქვი ახლა ეს ამბავი: მე რომ ვყოფილიყავი სოფლის მეურნეობის მინისტრი და გერმანიას გამოეცხადებინა, რომ ვისაც გინდა ჩვენთან ბოსტნებში და ყანაში მუშაობა, აგერ, შეავსეთ განცხადებაო და 2 დღეში 100 ათასმა კაცმა შეავსო განცხადება, ალბათ თვითმკვლელობაზე ვიფიქრებდი. არაფრისკენ მოგიწოდებთ, უბრალოდ ეს გამახსენდა“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

„30 წელია გვაქვს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის მეურნეობა არ გვაქვს. მე რაღაც განყენებული სტატისტიკა და ციფრები არ მაინტერესებს. მე ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე და ჩემთვის და ყველასთვის ყველაზე მთავარი სტატისტიკაა, მაღაზიაში რომ შევდივართ, რა არჩევანი გვაქვს სოფლის მეურნეობის პროდუქტის“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

ელისაშვილმა განაცხადა, რომ საჯარო რეესტრიდან ამოღებულია ინფორმაცია, რომ სახელმწიფო საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწების 69%, 1 მლნ ჰექტარზე მეტი არის სასოფლო-სამეურნეო დაწესებულების დანიშნულების მიწა.

„სახელმწიფო… ისე ჟღერს სახელმწიფო.. სინამდვილეში ეს არის კორუმპირებული გამგებლების ხელში ჩავარდნილი მიწა, რომ ძიძგნიან და თავის ბიძაშვილ-მამიდაშვილებსა და ოჯახის წევრებს აძლევენ. თქვენც ხომ ამბობთ და ყველამ ხომ იცის, რომ მიწა არის მთავარი რესურსი სოფლის მეურნეობის?! მიწის გარეშე არცერთი დარგი არ ვითარდება. და რატომ არის, რომ ისევ საბჭოთა კავშირი გვაქვს 30 წელია?!“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილმა ისაუბრა საქართველოს სოფლის განვითარების 2017-20 წლების სტრატეგიაზე, სადაც ელისაშვილის თქმით, წერია, რომ 5 ჰექტარზე მეტს ფლობს პროცენტ-ნახევარი სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანებისა:

„რას აკეთებთ თქვენ იმისთვის, რომ ხალხს ეს მიწა გადაეცეს. გლეხები, რომლებიც ჩიჩქნიან 600 და 900 კვადრატულ მეტრ მიწას – რა უნდა მოიყვანო?! ალმასი უნდა დათესო, ოქრო ვერცხლი თუ თვალ-მარგალიტი, რომ იქიდან ბიზნესი აწარმოო და შემოსავალი? რატომ არ აკეთებთ, რომ ხალხს გადაეცეს ეს. თავდაცვისა და უსაფრთხოების მიწების გარდა, რაც ამ სფეროებისთვის გვჭირდება, დანარჩენი ყველა უნდა გადაეცეს ხალხს. რატომ არ აკეთებთ ამას? არ მითხრათ, რომ ახლა თქვენი კომპეტენცია არ არის! ერთი გუნდი ხომ ხართ?!“, – განაცხადა ელისაშვილმა.