ექთანი, რომლის მდგომარეობაც, ახალციხეში აცრის შემდეგ, სავარაუდოდ, ალერგიულ ფონზე დამძიმდა, თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.
როგორც საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებთან განაცხადა, ექთნის მდგომარეობა კრიტიკულია.
„ამჟამად პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული. კლინიკურად სახეზეა გულის გაჩერების წარმატებული აღდგენა. აღნიშნული მდგომარეობა გამოწვეულია, სავარაუდოდ, როგორც ანამნეზიდან ირკვევა, ანაფილაქსიური შოკის არსებობით. ამ ეტაპზე გრძელდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დადებითი ეფექტი ამ ეტაპზე კლინიკურ პარამეტრებში აღარ გაგვაჩნია. ნებისმიერ დროს შესაძლებელია, ჩვენდა სამწუხაროდ, დასრულდეს კვლავ გულის გაჩერებით “, – განაცხადა ლევან რატიანმა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, გუშინ 4 საათისთვის სამინისტროში შევიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აცრის შემდგომ პერიოდში სამედიცინო პერსონალს ახალციხის „იმედის“ კლინიკაში სავარაუდო გვერდითი რეაქცია დაუფიქსირდა, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ვაქცინაციასთან.
„ამდენად დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. როგორც ეს ხდება გვერდითი მოვლენების მართვის პროტოკოლის შესაბამისად, რეგულირების სააგენტომ დაიწყო შესწავლა, იმისთვის, რომ დადგინდეს მიზეზშედეგობრივი კავშირი, დამდგარ მდგომარეობასა და ვაქცინაციას შორის“, – თქვა გაბუნიამ.
მისი თქმით, იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფი გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტთან ერთად დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციის პროცესის შემდგომი გაგრძელებისა და ფორმის თაობაზე, თუ როგორ მოხდება ამ მოვლენის შემდეგ ვაქცინაციის პროგრამის განვითარება ქვეყანაში.