რუსთავი 2: კორონავირუსზე აცრილ ექთანს ორმხრივი პნევმონია ჰქონდა

პუბლიკა

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გამოთხოვილი სამედიცინო მონაცემებით გაირკვა, რომ 29 წლის ექთანს ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. თუმცა კორონავირუსზე ჩატარებული PCR ტესტის პასუხი უარყოფითი იყო. ახლა ლუგარის ლაბორატორია გარდაცვლილი ექთნის სისხლის ნიმუშს იკვლევს.

აღნიშნული ინფორმაცია ტელეკომპანიის ეთერში გასული სიუეტის მიხედვით ჟურნალისტებს ოჯახის ადვოკატმა მიაწოდა. ადვოკატის თქმით, ერთ-ერთ სამედიცინო ჩვენებაში წერია, რომ მეგის ჰქონდა ფილტვების ორმხრივი მინისებრი დაბინდვა. მისივე თქმით, კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩანაწერშია წერია, რომ მას ჰქონდა ორმხრივი მინისებრი დაბინდვა.

„შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ მას გადატანილი ჰქონდა კოვიდი და ანტისხეულები ჰქონდა ორგანიზმში და ამის შემდეგ ვაქცინაციამ გამოიწვია მძიმე შედეგი. ერთ-ერთ სამედიცინო ჩვენებაში წერია, რომ მეგის ჰქონდა ფილტვების ორმხრივი მინისებრი დაბინდვა. ვმუშაობთ ყველა ვერსიაზე, რაც ჩამოგითვალეთ და ის დოკუმენტაცია რაც გვაქვს ექსპერტებს საბოლოო დასკვნის გაკეთების საშუალებას არ აძლევს.“ – ამბობს ოჯახის ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი.

ვახტანგ ბარამაშვილის თქმით, ადვოკატები გარდაცვალების სამ  შესაძლო ვერსიაზე მუშაობენ.

„წინა დღეებში, როგორც იცით, მივიღეთ სამედიცინო ისტორიის ნაწილი. სამედიცინო ისტორიის ის ნაწილი, რაც ჩვენ გვაქვს, არის ძალიან ზოგადი ისტორია, რომელიც იძლევა თითოეული ვერსიის განვითარების საშუალებას, რაც იქ არის აღწერილი. ვერსიებსაც გეტყვით, რა შეიძლება გამხდარიყო მეგის გარდაცვალების მიზეზი.

გამოძიების ფარგლებში, რომლებსაც ადვოკატები ვატარებთ, ვმუშაობთ რამდენიმე ვერსიაზე. ეს არის ანაფილაქსიით გამოწვეული რეფრაქტორული შოკი, თუმცა არ არის დაზუსტებული, ნამდვილად ანაფილაქსიით იქნა თუ არა გამოწვეული შოკი. მეორე ვერსია ეს არის ფილტვის თრომბოემბოლია. მესამე ვერსია, რომელზეც ვმუშაობთ, ეს არის… ერთ-ერთ სამედიცინო ჩვენებაში წერია, რომ მეგის ჰქონდა ფილტვების ორმხრივი მინისებრი დაბინდვა, რაც არის მახასიათებელი კოვიდისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მას ჩაუტარდა ტესტი კოვიდზე და pcr-ის შედეგი იყო უარყოფითი.

ანუ, თუ გამოვრიცხავთ იმ ვერსიას, რომ მიმდინარე კოვიდი ჰქონდა, შესაძლოა, აღმოჩნდეს, რომ მას გადატანილი ჰქონდა კოვიდი და ანტისხეულები ჰქონდა ორგანიზმში და ამის შემდეგ ვაქცინაციამ გამოიწვია მძიმე შედეგები. ჯერჯერობით, ის დოკუმენტი, რაც ჩვენ გვაქვს, არ აძლევს ექსპერტებს საბოლოო დასკვნის შესაძლებლობას. მთლიანობაში სამხარაულის ბიუროს დასკვნასთან ერთად და მეგის იმუნიზაციამდე სამედიცინო ისტორიასთან ერთად, რომელიც არ გვაქვს არც ჩვენ და არც გამოძიებას, გვექნება უფრო ფართო სურათი და გვეცოდინება უფრო მეტი დეტალი“. – განაცხადა ადვოკატმა მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ ბრიფინგზე.

ახალციხეში 27 წლის ექთანი, რომელიც ვაქცინაციიდან 30 წუთში, სავარაუდოდ,  ალერგიულ ფონზე დამძიმდა, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. ფაქტს რეგულირების სააგენტო სწავლობს. მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის.

19 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალციხელი ექთნის, 27 წლის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც „პუბლიკას” უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს.