GDI-მ შეისწავლა „ვენეციის კომისიის“ დასკვნა GNCC-ის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებზე

პუბლიკა

„საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ (GDI) შეისწავლა ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით.

ცვლილებები ეხება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილებას, დანიშნოს სპეციალური მმართველი ავტორიზირებულ დაწესებულებებში. ამასთან დადგინდა, რომ კომისიის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების გასაჩივრება არ გამოიწვევს მათი მოქმედების შეჩერებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლო სხვაგვარად გადაწყვეტს.

ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, 2020 წლის 17 ივლისს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები არ აკმაყოფილებს ლეგიტიმურობისა და პროპორციულობის ტესტს და იწვევს საკუთრების, მედიისა და გამოხატვის თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას.

კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 46მუხლის შეფასებისას კომისიამ აღნიშნა:

  • სპეციალური მმართველის დანიშვნა არ ემსახურება სახელმწიფოს მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანს – კონკრენტული გარემოს არსებობით მომხმარებელთა ინტერესების დაცვას;
  • სახელმწიფომ არ მიიღო ყველაზე ნაკლებად მზღუდავი მექანიზმები და არსებული ნორმა არ აკმაყოფილებს პროპორციულობის ტესტს;
  • კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დანიშნულ სპეციალურ მმართველს კანონმდებელი ანიჭებს გადაჭარბებულ უფლებამოსილებებს, რაც არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს;
  • კანონმდებლობა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას აძლევს შესაძლებლობას ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიებზე de facto კონტროლი განახორციელოს;
  • კანონმდებლობაში შესული ცვლილებები ვრცელდება იმ კომპანიებზეც, რომლებიც ელექტრონული კომუნიკაციის პარალელურად ახორციელებენ სამაუწყებლო საქმიანობას, შესაბამისად სპეციალური მმართველის დანიშვნა საფრთხეს უქმნის მედიისა და გამოხატვის თავისუფლებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 11 პუნქტის შეფასებისას კომისიამ აღნიშნა:

  • კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების დაუყონებლივ ძალაში შესვლა საფრთხეს უქმნის სამართლიანი სასამართლოს უფლებას;
  • იმის გათვალისწინებით, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების გასაჩივრება არ იწვევს მათი მოქმედების შეჩერებას, საფრთხე ექმნება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობას.

ამასთან, ვენეციის კომისია აკრიტიკებს კანონის მიღების დაჩქარებულ პროცესს, რომელიც საზოგადოების ჩართულობისა და რეგულირების გავლენის შეფასების გარეშე მოხდა.

ვენეციის კომისიის დასკვნის მოკლე მიმოხილვის ნახვა შეგიძლიათ აქ.