ანა სუბელიანის დაზიანებაში ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

პუბლიკა

კინოთეატრ „ამირანთან“ ანა სუბელიანის დაზიანებაში ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ბრალდებულ შალვა შევარდნაძის ადვოკატი აღკვეთის შეცვლას 5000-ლარიანი გირაოთი მოითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქტივისტ ანა სუბელიანის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დაკავებული შალვა შევარდნაძის წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

„პუბლიკის“ კორესპონდენტის ცნობით, პროკურატურა შევარდნაძეს დანაშაულის სექსუალური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენას ედავება.

ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, თუმცა გამორიცხავს სიძულვილის მოტივს.

წინასასამართლო სხდომაზე შევარდნაძის ადვოკატმა ბრალდების მხარის რამდენიმე მტკიცებულების დაუშვებლად ცნობა მოითხოვა, მათ შორის, მედიიდან და facebook-დან ამოღებული მასალების.  მისი თქმით, აღნიშნული მტკიცებულებები დარღვევითაა მოპოვებული. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

შევარდნაძეს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

საქმის არსებითი განხილვა 6 იანვარს ჩაინიშნა.


თბილისში, 8 ნოემბერს ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართა. პარალელურად, კინოთეატრის გარეთ შეკრებილები იყვნენ ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები და მათი ლიდერები. ისინი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეებს ჩვენების ჩაშლა სურდათ, თუმცა პოლიციამ მათ კინოთეატრში შესვლის საშუალება არ მისცა.

შსს-ს ცნობით, თბილისში აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე 24 პირი დააკავეს. მათ პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლების დარღვევას ედავებოდა.

შსს-მ ასევე ბრალდებულის სახით  დააკავა 1 პირი, ანა სუბელიანის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე.