აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს შეხვდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სხვა საკითხებთან ერთად შეხვედრაზე მათ რუსეთისგან მომავალი აგრესიის შეჩერებაზე ისაუბრეს, მათ შორის, საქართველოში. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, მხარეები რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ კოორდინირებულ მოქმედებაზე შეთანხმდნენ.
„სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა და უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა აღნიშნეს მათი მისწრაფების შესახებ, რომ კოორდინირებულად უპასუხონ რუსეთის გამომწვევ ქცევას, მათ შორის უკრაინასა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას. უპასუხონ ისეთ ჰიბრიდულ საფრთხეებს, როგორიცაა დეზინფორმაცია, არჩევნებში ჩარევა, მავნე კიბერმოქმედებები და სამხედრო პოზიციონირება.
ორივე მხარემ გადაწყვიტა, კოორდინირებულად გასცენ პასუხი რუსეთში დამოუკიდებელი პოლიტიკური ხმების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თავისუფლების ჩახშობას, ადამიანის უფლებების დარღვევას. ამავდროულად, ორივე მხარე აცხადებს, რომ ისინი მზად არიან რუსეთთან ისაუბრონ საერთო ინტერესებზე და სცადონ დაარწმუნონ, რომ თავი დაანებოს კონფრონტაციულ პოლიტიკას.
ორივე მხარემ ასევე გადაწყვიტა მჭიდრო, კოორდინირებული ძალისხმევა გააგრძელონ ყოვლისმომცველი რეფორმების მხარდასაჭერად ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ჩათვლით“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.