საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყება III-IV კვარტალში - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საყოველთაო ვაქცინაციისთვის აპრილის შუა რიცხვებამდე დაიწყება საყოველთაო რეგისტრაცია, იმისთვის, რომ შედგეს მსურველების სია და სამინისტრომ იცოდეს, რამდენი ადამიანი იქნება ვაქცინაციის პროგრამაში ჩართული.

„მასიური, ასეთი ფართო ვაქცინაციის ეტაპები ჩვენი გეგმის თანახმად დაგეგმილია მე-3-მე-4 კვარტალში, თუმცა მანამდე, ახლა დღევანდელი მდგომარეობით მოსახლეობის 30% არის ის რაოდენობა, რომელიც მეტად აქტიური მიმღებია ამ ვაქცინების.

ჩვენთან 30%-ს ვერ ვხედავთ, რომ ჩართულია აქტიურად ვერც სამედიცინო პერსონალის მიმართ და დღეს დავიწყეთ 65 წელს ზემოთ პირები“, – თქვა გაბუნიამ.


დღეს საქართველოში Pfizer-ის ვაქცინა ჩამოვიდა. პრეპარატით აცრა 30 მარტიდან დაიწყება და დაგეგმილია 14 000-ზე მეტი ადამიანის აცრა. სამედიცინო პორტალზე რეგისტრაცია მსურველებისთვის დღეს 18:00-დან არის შესაძლებელი.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ვაქცინა განაწილდება თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის 6 კლინიკაში.

„ერთი კლინიკა არის ბათუმში, ერთი ქუთაისში და ოთხი თბილისში. თბილისის კლინიკებია: ბოკერიას კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, „ამტელის“კლინიკა და კავკასიის მედიცინის ცენტრი. ბათუმში – რესპუბლიკური საავადმყოფო, ხოლო  ქუთაისში ცხაკაიას სახელოების „ევექსის“ კლინიკა“, – განაცხადა ტიკარაძემ.