რაც საარჩევნო რეფორმასთან იყო დაკავშირებული, როგორც კომპრომისული ნაბიჯი, უკვე გადადგმულია | ზალკანიანი

პუბლიკა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკანიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კრისტიან დანიელსონის ვიზიტთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული ინიციატივა კომპრომისული ნაბიჯია და ცვლილებების პაკეტში ინკორპორირებულია ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ეუთო/ოდირს ჰქონდა.

„მგონია, საერთაშორისო საზოგადოებამ და ჩვენმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იხილეს ის წინადადებები, რომლებიც ხელისუფლებას ჰქონდა. ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ ის რეკომენდაციები, ვთქვათ, რაც იყო დაკავშირებული საარჩევნო რეფორმასთან, როგორც კომპრომისული ნაბიჯი, უკვე გადადგმულია და შემუშავებულია შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ინიცირებულია პარლამენტში. მასში არის ინკორპორირებული ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გვქონდა ეუთო/ოდირის მხრიდან. არის უაღრესად მისასალმებელი, წინგადადგმული ნაბიჯი. უფრო მეტიც, დაინიცირებულია ახალი ინიციატივა, რომ არჩევნებზე დაიწიოს ბარიერმა 5-დან 3%-მდე.

ჩვენი მხრიდან ბრიუსელში, ასოცირების საბჭოს ფარგლებში გაჟღერდა მზაობა, რომ ხელისუფლებამ გააგრძელოს ნაბიჯები მართლმსაჯულების, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. განხორციელდა ოთხი ტალღა, მაგრამ ჩვენ კიდევ მზად ვართ, რომ გამჭვირვალობასთან, ამ ყოვლისმომცველ რეფორმასთან დაკავშირებით შემდგომი ნაბიჯები იყოს გადადგმული. გაცხადებულია ასევე მზაობა, რომ თუკი ოპოზიციური პარტიები შემოვლენ პარლამენტში, არის მზაობა, შეიქმნას საგამოძიებო კომისია, თვითონ ოპოზიციური პარტიები იყვნენ წამყვანი და ერთპროცენტიანი გადაცდომის შემთხვევაში, არის მზაობა, რომ დაინიშნოს ადრეული არჩევნები“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.