როგორ მივალთ ვადამდელ არჩევნებამდე, აქ შესაძლოა არსებობდეს კომპრომისისთვის სივრცე - სამადაშვილი

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ როგორ მივა ქვეყანა ვადამდელ არჩევნებამდე, ამ საკითხზე შესაძლოა, არსებობდეს კომპრომისისთვის სივრცე. სალომე სამადაშვილის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

როგორც სალომე სამადაშვილი ამბობს, ისინი ყოველთვის გამოთქვამდნენ მზადყოფნას შეთანხმების მიღწევისთვის.

„ყოველთვის ვამბობდით, რომ კომპრომისისთვის მზად ვართ. ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, ყოველგვარი პირობების გარეშე, „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას იღებს მოლაპარაკებებში.

რაც შეეხება სხვა საკითხებზე კომპრომისებს, ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ უნდა მივიღოთ პრინციპული გადაწყვეტილება პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულების, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და იმის თაობაზე, რომ ქვეყანას სჭირდება ვადამდელი არჩევნები.

იმას, როგორ მივალთ ვადამდელ არჩევნებამდე, აქ შესაძლოა არსებობდეს კომპრომისისთვის სივრცე და ჩვენ მზად ვართ, შესაბამისი კომპრომისისთვის. იმედი მაქვს, „ქართული ოცნება“ გადახედავს საკუთარ პოზიციებს და იმ განწყობით არ მოვა, რომ მოლაპარაკებები ჩიხში შეიყვანოს, როგორც ეს დანიელსონის პირველი ვიზიტის დროს მოხდა. ოპოზიციამ არაერთხელ დაადასტურა შეთანხმების მზადყოფნა“, – განაცხადა სამადაშვილმა.

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღეში საქართველოს კვლავ ესტუმრება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დენიელსონი. მისი მედიაციით შეხვედრები გაგრძელდება ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის შეთანხმების მისაღწევად.