„კორონავირუსული ინფექციების მესამე ტალღა უკვე მძვინვარებს მთელ ევროპაში“, – ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს და აღნიშნავს, რომ მესამე ტალღის დროს მეტად დომინირებს ინფექციის ახალი, ბრიტანული შტამი. გამოცემა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ევროპაში ახალი შემთხვევების რაოდენობა ერთ კვირაში საშუალოდ 12%-ით გაიზარდა, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში ამ მონაცემის ზრდა გაცილებით მეტია.
Guardian-ის ევროპული კორესპონდენტის ცნობით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა ვაქცინაციის ნელი ტემპითაა განპირობებული. შეფერხება გამოიწვია კონტრაქტების ხარვეზმა, რომელსაც AstraZeneca-ს დოზების დიდი დეფიციტი მოჰყვა.
ევროპის მრავალი ქვეყანა რომ აძლიერებს შეზღუდვებს კორონავირუსის პანდემიის ახალი, მე-3 ტალღის შესაჩერებლად, ამაზე წერს გამოცემა The Local-იც. გამოცემა ამბობს, რომ ევროპის არაერთი ქვეყანა იძულებული გახდა, რომ დაეწესებინა ახალი ზომები ან/და გადაედო შეზღუდვების შემსუბუქება.
მაგალითად, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და 16 სახელმწიფო ლიდერს შორის 13-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ, ქვეყანამ გადაწყვიტა აღარ შეამსუბუქოს მკაცრი შეზღუდვები, რომლებიც პანდემიის დაწყებიდან სპორტულ, გასართობ და კულტურულ სფეროებში მოქმედებს.
BBC-ის ცნობით, საფრანგეთსა და პოლონეთში დამატებით აწესებენ შეზღუდვებსა და მკაცრ რეგულაციებს, რადგან ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს ქვეყნები ებრძვიან კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრ ზრდას. მედიაგამოცემა აღნიშნავს, რომ პოლონეთში, დღიური მაჩვენებლის ზრდის გამო, მაღაზიები, სასტუმროები, კულტურული და სპორტული ობიექტები კიდევ სამი კვირის განმავლობაში დაკეტილი იქნება. მაგალითად, პოლონეთში დღეს, Worldometers-ის მონაცემებით, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 34 151 შემთხვევა გამოვლინდა.
გერმანული გამოცემა Deutsche Welle წერს, რომ წლის დასაწყისში, Covid-ვითარების გაუმჯობესების შემდეგ, თებერვლის შუა რიცხვებიდან ევროპაში შემთხვევების ერთკვირიანი ზრდის სიხშირე 40%-ით გაიზარდა, რაც საშუალოდ 240 ახალ შემთხვევას ნიშნავს 100 000 ადამიანზე.
ინციდენტობის მაჩვენებელი იმატებს ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში, მათ შორის მნიშვნელოვანი მატებაა ჩეხეთში, მონტენეგროსა და უნგრეთში, ხოლო გერმანიაში ბოლო თვის მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა.
ყველაზე მკვეთრი ზრდა მოხდა ესტონეთში, სადაც COVID-19-ის ერთკვირიანი მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა და შემთხვევების რაოდენობა თებერვლის დასაწყისიდან დღეში 1 100-ზე მეტია. ესტონეთის მეზობელ ქვეყნებში კი, ლიეტუვაში, ლატვიასა და რუსეთში, სიხშირე მცირდება. ბრიტანეთსა და ესპანეთში მესამე ტალღის ეფექტი არ გამოვლენილა.
The Local-ის ცნობითვე, ევროპის მრავალი ქვეყნისგან განსხვავებით, დანია შეზღუდვების შემსუბუქების ეტაპზეა და ახლახან გამოაცხადა ეტაპობრივი შემსუბუქება რეგულაციების, რომლებიც მომდევნო ორი თვის განმავლობაში მოიხსნება. დანიის მთავრობა აცხადებს, რომ გეგმავს შეზღუდვების უმრავლესობის გაუქმებას, მას შემდეგ, რაც 50 წელს გადაცილებულ ყველა ადამიანი აიცრება.