კულუმბეგოვი: „ვისაც ფილერი აქვს, ამის გამო თავი არ შეიკავოს ვაქცინაციისგან“

პუბლიკა

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ფილერი ვაქცინის წინააღმდეგ ჩვენება არ არის. მისი თქმით, ადგილობრივი რეაქციის შემთხვევაში დაგეგმილია მკურნალობა, რომლის შემდეგ რეაქცია მალევე იხსნება.

„ფილერებთან დაკავშირებული იმუნოლოგიური რეაქცია, ანუ პასუხი იმუნიტეტის ჯვარედინი, გრიპის ვაქცინაციის დროს, წლების წინ არის აღმოჩენილი. ეს არ არის ახალი მოვლენა, თუმცა ასევე Pfizer-თან მიმართებით, აშშ-სა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ეს შეამჩნიეს.

დღეს არსებობს რეკომენდაცია, რომ ეს არ არის არავითარი ვაქცინის წინააღმდეგ ჩვენება. თუ შეშუპება ფიქსირდება, სპეციფიკური სქემაც კი არის მოწოდებული პრედნიზოლონის ტიპის პრეპარატებით, სულ რამდენიმედღიანი ჰორმონის ჩართვაა საჭირო და ის უკვალოდ ქრება. ამიტომ, ვისაც ფილერი აქვს, არ შეეშინდეთ, ამის გამო თავი არ შეიკავონ ვაქცინაციისგან“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

დღეს, 25 მარტს ბრიფინგზე NCDC-ის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ „ფაიზერის“ ჩეკლისტს დამატებული აქვს ერთი პუნქტი – შეკითხვა ფილერთან დაკავშირებით.

„ფაიზერს ახასიათებს გარკვეული ადგილობრივი და არა სისტემური ანაფილაქსიური გართულებები იმ ადამიანებში, ვინც ხშირად ხმარობს ფილერს“.

„ვისაც ფილერები აქვს ხშირად ნახმარი, Pfizer-ის იმუნიზაციის შემდეგ შეიძლება ჰქონდეს ადგილობრივი გართულებები, რომელიც შემდეგ საჭიროებს მკუნალობას“, – თქვა მან.


განმარტება: ფილერი ანუ შემავსებელი გამოიყენება სილამაზის ინდუსტრიაში ღრმა ნაოჭების ამოსავსებად თვალის, ცხვირის, წარბების, ტუჩის მიდამოებში. ის ასევე გამოიყენება მოცულობითი ეფექტის მისაღებად.