ვაშლიჯვარში ბროწეულის ქუჩის მცხოვრებლებმა მერის მოადგილესთან შეხვედრაზე უარი თქვეს

პუბლიკა

თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად ბროწეულის ქუჩაზე იმყოფებოდა. ადგილობროვმა მოსახლეობამ მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

„არ გვინდა არავისთან საერთოდ შეხვედრა, გარდა მერისა. მერი არის ჩვენთვის მერი, თანამდებობრივადაა გადანაწილება, ამიტომ გვინდა მერის მოსვლა, მან აგვიხსნას“.

„არ გაკადრებ, ჩემს ავარიულ ბინაში შემოხვიდეთ. მე მე-10 სართულზე ვცხოვრობ, დაათვალიერეთ კიბე და დერეფნები, რა პირობებში ცხოვრობს ეს ხალხი“, – უთხრეს ადგილობრივებმა ბენდელიანს.

ადგილობრივები ინტერესდებიან, კალაძე და მერიის თანამშრომლები თუ აცხოვრებდნენ მსგავს მდგომარეობაში ოჯახის წევრებს. ისინი ამბობენ, რომ „არ აქვთ გარანტია“, როდის ჩაიტანს მეწყერი კორპუსს მტკვარში.

„გარანტიას არავინ მოგვცემს, რომ ის მთა არ ჩამოვა აქ. დროებით მაინც გაგვიყვანონ და თუ გამაგრების სამუშაოები დამთავრდება და ნორმალურად ვიქნებით, დავბრუნდებით უკან“, – განუცხადა მედიას ადგილობრივმა.

ირაკლი ბენდელიანის ვიზიტზე ინფორმაცია გაავრცელა თბილისის მერიამ. ირაკლი ბენდელიანის თქმით, ადგილობრივმა მოსახლეობამ მერიისა და სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრა არ ისურვა, რადგან არ აქვთ სურვილი, ექსპერტებისგან კომპეტენტური მოსაზრებები მოისმინონ.

„სამწუხაროდ, დამრჩა განცდა, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, ამ ყველაფრის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პოლიტიკა და მეწყერი ერთმანეთთან კავშირში არ არის“, – განაცხადა მერის მოადგილემ.

რაც შეეხება მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხს, ირაკლი ბენდელიანი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე, ბროწეულის ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.