ძირითადი მასობრივი ვაქცინაცია, სავარაუდოდ, ივლისის შემდეგ იქნება, რომელმაც შესაძლოა მე-3 ტალღა აგვარიდოს - გამყრელიძე

პუბლიკა

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში არის ყველა ინდიკატორის გაუარესების ტენდენცია და ეს, პრინციპში, პროგნოზირებადი იყო, როცა ქვეყანაში შეზღუდვების დიდი შემსუბუქებები განხორციელდა“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ქვეყანაში ეპიდსიტუაციიაზე საუბრისას განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლო კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენციის მიუხედავად, არ ფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევების ისეთი ნახტომისებური ზრდა, როგორიც საქართველოში სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში იყო. გამყრელიძემვე ისაუბრა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მე-3 ტალღასა და მის პრევენციაზე.

„მე-3 ტალღის პრევენციისთვის უფრო მნიშვნელოვანია პირბადის ტარების მაჩვენებლის, დისტანციის მაჩვენებლის, მეტი სანიტარიზაციის ანუ ჰიგიენისა და რაც მთავარია, პრევენცია დიდი შეკრებების [კონტროლი]. აი ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ვაქცინაციას მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩვენ, ახლა უნდა ვიყოთ ობიექტური, რომ მარტში, აპრილში და მაისში იმდენ რაოდენობის ადამიანებს ვერ ავცრით… ძირითადი მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში იქნება, დიდი ალბათობით, ივლისის შემდეგ, რომელმაც შეიძლება მე-3 ტალღა აგვარიდოს.

„მთავარი ხედვა ახლა არის ის, რომ მაქსიმალურად ვესაუბროთ ადამიანებს ამ პრევენციული სხვა ღონისძიებების დაცვაზე, რომ როგორმე მარტი, აპრილი გავიაროთ ამ მასშტაბის ეპიდსიტუაციით. მაშინ, დიდი ალბათობით, ჩვენ შეიძლება მე-3 ტალღა ავიცილოთ იტომ, რომ შევალთ თბილ თვეებში, სადაც რესპირაციული ვირუსები ნაკლებად აგრესიულია“, – აღნიშნა გამყრელიძემ.