სამინისტრო: სკოლებში კოვიდინფიცირების რისკი ისევ დაბალ მაჩვენებელზეა

პუბლიკა

განათლების სამინისტრო სკოლებში ეპიდვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინფიცირების რისკი კვლავ მინიმუმზეა.

  • “მიუხედავად იმისა, რომ მთელ საქართველოში სწავლა თვეზე მეტია განახლდა, სკოლებში ზედმიწევნით დაცული ჯანდაცვის პროტოკოლიდან გამომდინარე, კოვიდ-19-ის მაჩვენებელი თითქმის იმავე ნიშნულზე რჩება.”

განცხადების მიხედვით,  22-დან 26 მარტის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა 0.02%-ს დაუდასტურდა.

  • “მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 26 სკოლა და 85 ცალკეული კლასი იმყოფება. ასევე, ბოლო კვირის მონაცემებით, დისტანციური სწავლის ფორმატი მოსწავლეთა 0,2% აირჩია, ხოლო საკლასო ოთახებს 2219 მოსწავლე დაუბრუნდა.

  • ქვეყნის მასშტაბით შემცირდა რისკ ჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნით თავად მიმართეს და სკოლის მხრიდან შეღავათი გაეწიათ. ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 63 პედაგოგი იმყოფება.”