ბათუმის მერიის შენობაში შეხლა-შემოხლაა. მოქალაქეები სხდომაზე დასწრებას მოითხოვენ

პუბლიკა

ბათუმის მერიის შენობაში დაპირისპირებაა. აქტივისტები საკრებულოს სხდომაზე დასწრებას მოითხოვდნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

საკრებულოს სხდომაზე უნდა განიხილონ სასტუმრო „ბათუმი თაუერისთვის“ ბულვარის გასწვრივ 3380 კვ.მ. ტერიტორიის გრძელვადიანი იჯარით გადაცემის საკითხი. 

„ვაპროტესტებთ იმას, რომ ჩვენ, მოქალაქეებს, არ გვიშვებენ საკრებულოს სხდომაზე, რომელიც დახურულად არის გამოცხადებული. განიხილება პლაჟის გადაცემა იჯარით, რომელიც არის საზოგადოებრივი სივრცე, ჩვენ ამას ვაპროტესტებთ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

საკრებულოს სხდომაზე დასწრების კიდევ ერთი მსურველი „TV პირველის“ ეთერში აცხადებს, რომ თავდაპირველად დილით 4 მოქალაქე მოითხოვდა საკრებულოს სხდომაზე დასწრებას, თუმცა ამის შესაძლებლობა მათ არ მიაცეს.

„დილით ვიყავით ოთხნი. მოვითხოვდით საკრებულოს სხდომაზე რიგითი მოქალაქეების დასწრებას. 20 პოლიციელი და 50 დაცვის პოლიციელი დაგვახვედრეს. ყოფილიყვნენ ისინიც საკრებულოს სხდომაზე და თუ რამეს დავაშავებდით, მაშინ გამოვეყვანეთ. სინამდვილეში აქ ძალიან ბნელი და ჭაობური კორუფციული სქემები განიხილება და ამიტომ ეშინიათ მოქალაქეების დასწრების“, – განაცხადა გენრი დოლიძემ.

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ მან დაუშვა საშვი იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სურდათ დასწრება სხდომაზე. მისივე თქმით, მან პროტესტის ნიშნად დატოვა საკრებულოს სხდომა.

„ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ხელისუფლებას არ აინტერესებს რა წერია კანონში. ხელისუფლებას არ აინტერესებს ამ ქვეყნის მოქალაქეების უფლებები. საკრებულოს სხდომა არის ღია და საჯარო. ამ სხდომაზე დასწრების უფლება აქვს ყველა მოქალაქეს. მოქალაქეები არ შემოუშვეს იმ მიზეზით, თითქოს დისტანცია არ იქნებოდა იქ დაცული, მაგრამ ვხედავთ, აქ რა მდგომარეობა გვაქვს“, – განაცხადა ქამადაძემ „TV პირველის“ ეთერში.