სასტუმრო „ბათუმი თაუერისთვის“ ბულვარის გასწვრივ 3380 კვ.მ. ტერიტორიის გრძელვადიანი იჯარით გადაცემის საკითხი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგიდან ამოიღეს. ამის შესახებ „საზოგადოება ბათომის“ წევრმა, შოთა გუჯაბიძემ „პუბლიკას“ განუცხადა.
„ახლა მე ვიმყოფები სასამართლოში, რადგან ჩვენი ერთ-ერთი აქტივისტი დააკავეს. როგორც მე მომაწოდეს ინფორმაცია, ბულვარის გასწვრივ 3380 კვ.მ. ტერიტორიის გრძელვადიანი იჯარით გადაცემის საკითხი დღის წესრიგიდან ამოღებულია. სხდომა მიმდინარეობს“, – განაცხადა შოთა გუჯაბიძემ.
ბათუმის მერიაში დღეს დილიდან ხმაური იყო და შეხლა-შემოხლა. აქტივისტები საკრებულოს სხდომაზე დასწრებას მოითხოვდნენ, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.
„ვაპროტესტებთ იმას, რომ ჩვენ, მოქალაქეებს, არ გვიშვებენ საკრებულოს სხდომაზე, რომელიც დახურულად არის გამოცხადებული. განიხილება პლაჟის გადაცემა იჯარით, რომელიც არის საზოგადოებრივი სივრცე, ჩვენ ამას ვაპროტესტებთ“, – აცხადებდა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე.
როგორც „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რომელიც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, დაკავებულია ერთი პირი.