„ადამიანს ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი სიუჟეტის სრულყოფილად გასაჩივრების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს“, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, კახი კახიშვილმა განაცხადა.
კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ უფრო ქმედითი უნდა გახდეს რეგულირების ორგანო. დროში გაწერილი უნდა იყოს, რა ვადებში უნდა განიხილონ საჩივრები და სასამართლოში ნებისმიერი დავა, რომელიც ეხება ადამიანის შეურაცხყოფას, სახელსა და ღირსებას.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მედიაში მის შესახებ გასულ სიუჟეტებს გამოეხმაურა.
„პოლიტიკის გამო, იქამდე მივედით, რომ მე ვიღაცას ვეზიზღები და პოლიტიკის გამო ვხდები თავდასხმის ობიექტი. ვერ ვხვდები ზოგიერთი ტელეკომპანიის ჩემდამი ინტერესს. ჯერ იყო და სიუჟეტი გააკეთეს, თითქოსდა მე არჩევნები მოვიგე ვინმე ალიკა მინასიანის მეშვეობით, რომელიც თითქოსდა დამიბარა მეტრომშენში და გაირკვა, რომ 10 კაცსაც არ იცნობს მისასიანი. მეორე კვირას გააკეთეს სიუჟეტი, თითქოს მინესიანს ისე ვუყვარვარ, ჩემი ბანერი წაიღო სახლში, დედაჩემს არ წაუღია ჩემი ბანერი, ის რატომ წაიღებდა. ჩემი თვითმიზანი არ არის ტელევიზიებთან ბრძოლა, ჩემი თვითმიზანი არის რეგულაციები და უბრალოდ პატივისცემა ერთმანეთის. ერთი სიუჟეტი გააკეთეს ქორწილზე, რომელშიც მე არ ვყოფილვარ, არანაირი კავშირი არ მაქვს, არც მეფეს ვიცნობ, არც პატარძალს, თითქოს ჩემი გავლენებით ქორწილი გადაიხადეს პანდემიის დროს. რაღაცა სიუჟეტიდან ამოიღეს ავტომატიანი კაცი, რომელიც ჯერ კიდევ 90-იან წლებშია ჩარჩენილი და მიაბეს ქორწილს, ნახეთო კახიშვილის ორგანიზებით, ქორწილი ჩატარდა და ეს ავტომატიანი კაცი მაყარში ისროდაო. გავარკვიე, რომ ეს ავტომატიანი კაცი ქორწილში საერთოდ არ ყოფილა. ის ყოფილა ერთ-ერთი ტელეკომპანიის მეპატრონის მეგობარი, რომელსაც დაურეკა და უთხრა, ნუ მღუპავო. ამის სახე დაბლარეს, ხელი და ავტომატი დატოვეს და ისევ კახიშვილს მიაწერეს. აი, რა სურათი მივიღეთ, ერთი გათხოვდა, მეორემ ცოლი მოიყვანა, მესამემ ავტომატი ისროლა, რესტორანმა ფული გააკეთა და ვინ არის შუაში? კახიშვილი, რომელიც ქორწილში საერთოდ არ ყოფილა და არც კავშირში არ არის“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
მისივე თქმით, ჟურნალისტი არის ადამიანი, რომელმაც იცის პროფესიის პატივისცემა და რომელიც ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისთვის მუშაობს.
„ვიღაცას სამი კამერა რომ აქვს, მას შეუძლია, მე რაღაც დამაბრალოს. მე მას ჟურნალისტს ვერ ვარქმევ. ჩემი ინიციატივაა, უფრი ქმედითი გახდეს რეგულირების ორგანო. გახდეს დროში გაწერილი, რა დროში უნდა განიხილონ საჩივრები და სასამართლოში ნებისმიერი დავა, რომელიც ეხება ადამიანი შეურაცხყოფას, სახელსა და ღირსებას. რეგლამენტირებული იყოს მისი განხილვის ვადები რადგან, არ იყოს იმის განცდა, რომ დღეს შეტანილი სარჩელი განიხილება 5 წლის შემდეგ და საბოლოოდ აქტუალობას დაკარგავს. ეს არის ინიციატივა და არა კანონპროექტი, რომელიც საჭიროებს განხილვას, მათ შორის ჟურნალისტებთანაც. განსახილველია, როგორ მოვაქციოთ ეს ჩარჩოში, რომ არც ერთი მხარის ინტერესი არ დაზარალდეს“, – განაცხადა კახიშვილმა.
კახი კახიშვილმა ამ თემაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.
„მაინტერესებს თქვენი მოსაზრება მედიასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჟურნალისტს, რომელიც გულწრფელად მუშაობს იმისთვის, რომ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი გააშუქოს, მათ შორის ისეთი საკითხები, რომელიც ჩვენს მიმართ კრიტიკულია, შეიძლება ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს შეიცავდეს და პასუხებს მოითხოვდეს, მაგრამ ამავდროულად, ყველაფერს რეგულაცია სჭირდება.
ბოლო პერიოდში ისეთ მდგომარეობაში ვართ, როცა პასუხის გაცემის ქმედითი მექანიზმები არ არის.
რამდენიმე ტელევიზიაში გავიდა რაღაც ტიპის სიუჟეტები… ზღვარს გადაცილებულია ასეთი მოქმედებები.
მინდა, კითხვა დავუსვა ჟურნალისტებს, საზოგადოებასაც – მაგალითად, იმისათვის, რომ იურისტი გახდე, საჭიროა დაამთავრო უნივერსიტეტი, ჩააბარო გამოცდები, მერე მიმართულება აირჩიო, კიდევ გამოცდები ჩააბარო და იურისტი, სამართალმცოდნე გახდები. თუ გინდა მასწავლებელი გახდე, სასწავლებელი უნდა დაამთავრო და წელიწადში ერთხელ გამოცდები ჩააბარო.
დღეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის, ვინ არის ჟურნალისტი. ტერმინი „ჟურნალისტი“ და გრადაცია, ვინ არის ჟურნალისტი, არ გვაქვს.
ჟურნალისტი არის ადამიანი, რომელიც მედიაში მუშაობს, ელექტრონულ მედიას ვგულისხმობ თუ ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ჟურნალისტი ვარ და სამ სტატუსს დაწერს.
ისე, სხვათა შორის, მეც „პალიტრაზე“ ორი წელი გადაცემა მიმყავდა, რაღაც სტატუსებს მეც ვდებდი და ბლოგიც მიმყავდა „კვირის პალიტრაში”. შესაბამისად, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მეც ჟურნალისტი ვარ…“, – განაცხადა კახიშვილმა.