იმედია, მოიძებნება 17 პატრიოტი, ვინც გვერდით გადადებს პირად დამოკიდებულებებს – იოსელიანი

პუბლიკა

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ოპოზიციის წევრებს მიმართა.

ლევან იოსელიანმა მოუწოდა ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, ვისაც აქვთ მანდატები, შევიდნენ პარლამენტში და მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო ცვლილებების მიღებაში.

„ძალიან კარგად მინდა ესმოდეს ჩემს კოლეგებს, რომლებსაც აქვთ მანდატი და დღეს არ იმყოფებიან პარლამენტში. მთელი ეს პერიოდი მხოლოდ ამას ვამბობ, რომ იმედია, მოიძებნება 17 პატრიოტი ადამიანი, ვინც თავის პირად დამოკიდებულებას არჩევნების მიმართ, თავის პირად დამოკიდებულებას „ქართული ოცნების“ მიმართ თუ  ხელისუფლების მიმართ დააყენებს მეორე და მესამე რიგში,  პირველ რიგში კი დააყენებს შესაძლებლობას, რომ სამუდამოდ ამ ქვეყანაში დავასრულოთ ორპარტიული ზიზღი და ორპარტიული დაპირისპირება და  2024 წელს მაინც შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც მრავალპარტიული და ჩვენს მოქალაქეების ინტერესებზე მორგებული პარტიები იქნებიან წარმოდგენილი პარლამენტში.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, გაიაზრონ ამ ცვლილებების [საარჩევნო რეფორმა] მნიშვნელობა და თუნდაც მხოლოდ ერთჯერადად ამ საკითხის მხარდასაჭერად შემოვიდნენ პარლამენტში“, – განაცხადა ლავან იოსელიანმა.

პარტია „მოქალაქეების“ კიდევ ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა კი პლენარულ სხდომაზე გამოთქვა იმედი, რომ დღეს შედგება შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.


მედიატორების შუამდგომლობით ოპოზიციურ პარტიებსა „ქართულ ოცნებას“ შორის ერთობლივი შეხვედრა 4 საათზე დაიწყება. ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში აცხადებენ.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ვიზიტით უკვე მეორედ იმყოფება. დანიელსონი საქართველოში 28 მარტს ჩამოვიდა და გუშინ, 29 მარტს, კონსულტაციები გამართა პარტიების წარმომადგენლებთან.

კონსულტაციების დასრულების შემდეგ კრისტიან დანიელსონმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე დადებს ტექსტს/დოკუმენტს და, როგორც აღნიშნა, შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერა იქნება შესაძლებლობა პოლიტიკური ლიდერებისთვის, რომ აჩვენონ თავიანთი დემოკრატიული სიმწიფე.