მზად ვართ, ფუნდამენტური რეფორმები, რაც შემოთავაზებულია დოკუმენტში, განვახორციელოთ - თალაკვაძე

პუბლიკა

„მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ოპოზიცია არ დაეთანხმა, მათ ვერ გამოხატეს მზაობა და პასუხისმგებლობა ამ დოკუმენტის ხელმოსაწერად, რაც სამწუხაროა და ამან ხელი შეუშალა შეთანხმებას და პოლიტიკური დიალოგის წარმატებით დასრულებას“,- განაცხადა პარალმენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიატორობით გამართული შეხვედრის შემდგომ.

„ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი მმართველი პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთგულია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე ერთგულია ემსახუროს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მისწრაფებებს, რა თქმა უნდა,  მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არ დაეთანხმა მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს, ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ ის ფუნდამენტური რეფორმები რაც დღეს შემოთავაზებულ დოკუმენტში იყო მოცემული განვახორციელოთ რაციონალურად საქართველოს პარლამენტში.

დღეს მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნების საკითხი არ იყო მოცემული რაც ნიშნავს იმას, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის თემა დიალოგში როგორც ჩვენი მხრიდან ასევე მედიატორის მხრიდან არ იყო, ამის დამატებას ითხოვდა ოპოზიცია და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც მათ დღეს ხელი არ მოაწერეს შეთანმებას“,- აცხადებს თალაკვაძე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დანიელსონმა აღნიშნა, რომ მან ყველა პრობლემურ საკითხზე გადაწყვეტის გზა შესთავაზა მხარეებს, თუმცა სამწუხაროდ არცერთმა პარტიამ არ მოაწერა ხელი მის შეთავაზებულ დოკუმენტს.