სამი მთავარი მიმართულება იყო მართლმსაჯულებაში და სამივე პრობლემურად დასმული | იმნაძე

პუბლიკა

გუშინ ევროკავშირის ოფისში ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროკავშირის ოფისმა გაავრცელა დოკუმენტი, რომელსაც ხელმოსაწერად სთავაზობდა პარტიებს.

დოკუმენტი ხუთი პუნქტისგან შედგება და ერთ-ერთი კანონის უზენაესობას და სასამართლო რეფორმას ეხებოდა.

დოკუმენტში ეწერა, რომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ხარისხის გასაზრდელად, საქართველოს ხელისუფლებამ, პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნისას უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა.

ამავდროულად, უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ რაც, ახალი კანონი ძალაში შევა.

მომავალი გენერალურ პროკურორები დანიშვნისთვის საჭირო იქნება პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები, რაც ფართომასშტაბიან, ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას და მხარდაჭერას უზრუნველყოფს;

მართლმსაჯულების ნაწილში შეთავაზებულ ცვლილებებს აფასებs EMC-ის წარმომადგენელი გურო იმნაძე.

მისი თქმით, სამი მთავარი მიმართულება იყო მართლმსაჯულებაში და სამივე პრობლემურად დასმული.

  • 1) სასამართლოში მომავლის პრობლემები კი არ გვაქვს, არამედ ახლა, დღეს ვართ ძალიან ცუდ დღეში. მომავალში მოსამართლეთა დანიშვნის წესების გაუმჯობესება ვერაფრით უშველის უკვე დანიშნულ ისეთ მოსამართლეებს, რომლებიც მუდმივად შიდა ან გარე მიმთითებელს დაეძებს. მითუმეტეს, ეს წესები ვერაფერს დააკლებს შიდა გავლენიან ჯგუფს, რომელიც არსებითად აკონტროლებს მართლმსაჯულების სისტემას. ეს ცვლილებები დაახლოებით იმას გვთავაზობს, დაჭაობებულ ფუნდამენტზე მდგარი შენობა ახალი სახურავით რომ გადავხუროთ;
  • 2) დღეს თუკი ქვეყანაში შერჩევითი და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები გვაქვს, ეს პირველ რიგში პროკურატურის დამსახურებაა. ამიტომ, პროკურატურაზე მხოლოდ იმის მითითება, რომ მომდევნო გენერალური პროკურორი პარლამენტში არჩეული უნდა იყოს კვალიფიციური უმრავლესობით, ასევე არის ამ პრობლემების უგულებელყოფა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მომდევნო პროკურორის არჩევის დრო 2026 წელს მოდის და ფაქტიურად, მანამდე არაფერი იცვლება პროკურატურაში;
  • 3) 20 ივნისის მოვლენების ამნისტია – ეს რაღაც ახალია, როცა ერთ კონკრეტულ მოვლენასთან დაკავშირებულ დანაშაულებს შეეხება ამნისტია. მითუმეტეს, როცა ამ მოვლენას უკავშირდება ხელისუფლების მხრიდან მისი მმართველობის პერიოდში გამოყენებული უპრეცედენტო საპოლიციო ძალა, ათეულობით დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქე და მათი დაკარგული ჯანმრთელობა. ხელისუფლებას თავისივე თავის ამნისტიას ვთავაზობთ, ნაცვლად იმისა, რომ პირიქით, ამ მოვლენების სრულყოფილი გამოძიება მოვთხოვოთ. ოღონდ ცხადია, ეს გამოძიება და შემდგომი მართლმსაჯულება დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა პროკურატურამ და სასამართლომ უნდა წარმართოს.