„ნაცაქტივისტებს არც პოზნერი აინტერესებს სინამდვილეში, არც აფხაზეთი და სამაჩაბლო“ - მდინარაძე

პუბლიკა

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ვლადიმირ პოზნერის ვიზიტსა და საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.

მდინარაძის განცხადებით, ვლადიმირ პოზნერი აშშ-ის მოქალაქის პასპორტით, კოვიდრეგულაციებით გათვალისწინებული წესების დაცვით, ტურისტული ვიზიტით ჩამოვიდა. მას არ ჰქონდა დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, შესაბამისად, ისევე, როგორც ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის რუს ტურისტს, საქართველოში შემოსვლის უფლება ჰქონდა.

ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, სახელმწიფომ მყისიერი რეაგირება მოახდინა და ჯარიმა გამოუწერა სტუმრებსაც და მასპინძელსაც რეგულაციების დარღვევისთვის.

„ეს ნაწილი ჩვენთვისაც ძალიან მიუღებელია და არ იყო კარგი სურათი, აქ გულწრფელად ვთქვათ. შესაბამისად, ნაცმოძრაობის აქტივი, აქტივისტები და მათი ლიდერები მის განდევნას არა კანონის დარღვევის გამო, არამედ მისი წარმომავლობისა და საქართველოსთან მიმართებით გამოთქმული, პირველ რიგში, ჩვენთვის უკიდურესად მიუღებელი მოსაზრებების გამო მოითხოვს.

ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, საერთოდ ავკრძალოთ თუ არა რუსეთის ნებისმიერი მოქალაქის შემოშვება საქართველოში, რომელთაც სააკაშვილმა ომის შემდგომ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუუქმა. ოღონდ, მანამდე უნდა ვიმსჯელოთ, მაგალითად, ნაცმოძრაობის მომხრე პოლიტიკოსი ჟიგიმანტასი უნდა შემოვუშვათ თუ არა ქვეყანაში, საქართველოში, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ,  პრაქტიკულად, იგივე თქვა, რაც თავის დროზე პოზნერმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით“, – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, ასევე სამსჯელოა, უნდა იყვნენ თუ არა საჯარო სივრცეში ის ადამიანები, ვინც ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომელშიც ეწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ამ ადამიანებს შორის მდინარაძემ გიორგი კანდელაკი და გოკა გაბაშვილი დაასახელა.

მდინარაძემ გაიხსენა „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო სიის პირველი ნომრის, ბუბა კიკაბიძის გამოსვლა გასულ წელს რუსთაველის გამზირზე, როცა საარჩევონო კამპანიის ღონისძიებაზე მან რუსულად იმღერა.

ასევე გაიხსენა ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტი, ელენე ხოშტარიას რუსული განათლება; ირაკლი ოქრუაშვილს „ფე-ეს-ბეს“ რევოლუციის მედროშე უწოდა და ეს სიტყვები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მიაწერა, მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა მაქარაშვილი კი „რუსეთში მცხოვრები ოლიგარქის, მინდია გულუას პრორუსული პარტიის პრესსპიკერად“ მოიხსენია.

„საერთოდ, უნდა დავაყენოთ საკითხი – ახალგორისა და კოდორის რუსეთისთვის გადამფორმებელი პოლიტიკური ძალა უნდა იყოს და უნდა არსებობდეს თუ არა ამ ქვეყანაში და თუ ამ ყველაფრისთვის მზად ვართ ყველანი ერთად, კი ბატონო, მაშინ დავიწყოთ ეს პროცესი.

ცოტა უფრო სერიოზულად თუ მივუდგებით საკითხს, ეს ყველაფერი არის ფსევდოპატრიოტიზმით შეფუთული სამარცხვინო ისტერია. ნაცაქტივისტებს არც პოზნერი აინტერესებს სინამდვილეში, არც აფხაზეთი და სამაჩაბლო. მათ სრული ისტერია აქვთ, რადგან ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც დამარგინალდნენ და რაც დარჩენიათ, არის ქვეყანაში მუდმივი რყევები და დესტრუქციის მცდელობა“, – განაცხადა მდინარაძემ.


რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანი ვლადიმირ პოზნერი, რომელიც  ვლადიმერ პუტინის პროპაგანდისტად მიიჩნევა, საქართველოში გუშინ დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. ის 87 წლის გახდა და მასთან ერთად საქართველოში ჩარტერული რეისით 40-მდე ადამიანიც ჩამოფრინდა.

პოზნერის ვიზიტს, სამოქალქო აქტივისტებისა და სხვადასხვა მოძრაობის წევრების პროტესტი მოჰყვა. ისინი მივიდნენ იმ რესტორანთან, სადაც პოზნერი დაბადების დღეს აღნიშნავდა. აქციის ფონზე პოზნერს, თავის თანმხლებ პირებთან ერთად მოუწია სასტუმრო „ვინოტელი“ დაეტოვებინა. მოგვიანებით, აქცია გაგრძელდა სასტუმრო „რუმსთან“, სადაც პოზნერი და მისი მეგობრები იყვნენ დაბინავებულნი.

ვლადიმერ პოზნერმა საქართველოში სტუმრობა შეწყვიტა და გამთენიისას თანმხლებ პირებთან ერთად საქართველო დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასკ-ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, 32 პირი დააჯარიმეს. მათივე ცნობით, ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან ცხრას იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია. პოლიციამ  დააჯარიმა ასევე სასტუმრო „ვინოტელი“ 10 000 ლარით.