მივესალმებით ღარიბაშვილის პოზიციას, რომელიც გმობს წუხანდელ მოვლენებს - პესკოვი

პუბლიკა

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ვლადიმერ პოზნერის თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებულ პროტესტს გამოეხმაურა.

პესკოვის თქმით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეებისთვის მგზავრობა სახიფათოა და მოწუოდა რუსებს, ეს გაითვალისწინონ.

პესკოვმა ასევე დადებითად შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პოზიცია, რომელმაც განაცხადა, რომ კარანტინის დარღვევა მიუღებელია, თუმცა ასევე მიუღებელი იყო პროტესტის გამოხატვის ფორმაც, რომ პროტესტით ისარგებლა ენმ-მა და ზიანი მიაყენა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს.

„საქართველოში რუსეთის მოქალაქეებისთვის ყოფნა სახიფათოა. უბრალოდ სახიფათოა იქ ჩასვლა. ეს რუსებმა კარგად უნდა გაიაზრონ“, – თქვა პესკოვმა.

ხოლო შეკითხვაზე, უკავშირდებოდა თუ არა პროტესტი ზოგადად რუსების თბილისში ჩამოსვლას, თუ პროტესტი კონკრეტული პიროვნების წინააღმდეგ იყო მიმართული, პესკოვმა უპასუხა, რომ პოზნერთან ერთად იყვენენ სხვა, ჩვეულებრივი მოქალაქეებიც, რომლებიც ასევე დაზარალდნენ.

„მე თავს შევიკავებდი ადამიანების განსხვავებისგან, იქ იყვნენ ჩვენი მოქალაქეები, მხოლოდ პოზნერი არ ყოფილა“, – თქვა პესკოვმა.

როგორც რუსული მედია წერს, პუტინის პრესსპიკერმა გააკრიტიკა აქციის მონაწილეები, რომლებიც ექსტრემისტულად განწყობილ ნაციონალისტებად მოიხსენია, ხოლო დადებითად შეაფასა საქართველოს პრემიერის პოზიცია და ქართველი სამართალდამცველები, რომელთაც რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ დღეს ვნახეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელმაც ასევე დაგმო წუხანდელი მოქმედებები და მივესალმებით მის ამ პოზიციას“, – განაცხადა პესკოვმა.


რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანი ვლადიმირ პოზნერი, რომელიც ვლადიმერ პუტინის პროპაგანდისტად მიიჩნევა, საქართველოში გუშინ დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, ის 87 წლის გახდა და მასთან ერთად საქართველოში ჩარტერული რეისით 40-მდე ადამიანიც ჩამოფრინდა.

პოზნერის ვიზიტს, სამოქალქო აქტივისტებისა და სხვადასხვა მოძრაობის წევრების პროტესტი მოჰყვა. ისინი მივიდნენ იმ რესტორანთან, სადაც პოზნერი დაბადების დღეს აღნიშნავდა. აქციის ფონზე პოზნერს, თავის თანმხლებ პირებთან ერთად მოუწია სასტუმრო „ვინოტელი“ დაეტოვებინა. მოგვიანებით, აქცია გაგრძელდა სასტუმრო „რუმსთან“, სადაც პოზნერი და მისი მეგობრები იყვნენ დაბინავებულნი.

ვლადიმერ პოზნერმა საქართველოში სტუმრობა შეწყვიტა და გამთენიისას თანმხლებ პირებთან ერთად საქართველო დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასკ-ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, 32 პირი დააჯარიმეს. მათივე ცნობით, ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან ცხრას იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია. პოლიციამ დააჯარიმა ასევე სასტუმრო „ვინოტელი“ 10 000 ლარით.