სასწორზე საქართველოს მომავალია - ჯორჯ კენტი

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს მომავალი ახლა სასწორზეა და ქვეყანაში საჭიროა ძირეული რეფორმები წარმატების მისაღწევად.

კენტი კითხვის საპასუხოდ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა იმ შემთხვევაში, თუ  პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე ქევყანაში დემოკრატიის ხარისხი არ გაიზარდა, პასუხოსბს, რომ აშშ-ის კონგრესი საქართველოსთვის ყოველწლიურად 135 მილიონი დოლარის დახმარებას უზრუნველყოფს და საქართველოს მთავრობა სენატორების კეთილგანწყობას რისკავს.

„მე ბოლომდე პატივს ვცემ ჩვენი კონგრესის, ჩვენი სენატის უფლებამოსილებას. ამაში შედის ბიუჯეტის დამტკიცებისა და დახმარების განაწილების უფლებამოსილება.

ამერიკის კონგრესი საქართველოსთან მიმართებაში ძალიან ხელგაშლილი იყო. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ამერიკას საქართველოსთვის ხუთ ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება აქვს გაწეული.

ახლა ყოველწლიურად 135 მილიონი დოლარით ვეხმარებით. ეს, კონგრესის გადაწყვეტილებაა და არა ადმინისტრაციის. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა სენატორების კეთილ ნებას რისკავს, სენატორების- რომლებმაც საქართველოს ეს დახმარება გაუწიეს, იმ შემთხვევაში, თუ მათ საჭირო ნაბიჯები არ გადადგეს.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს ლიდერებისთვის იმის გაგება, რომ ჩვენი მოლოდინია, რომ ისინი დასასრულამდე მივიდნენ, მიაღწიონ შეთანხმებას და გაატარონ რეფორმები იმისთვის, რომ ქვეყანამ წინსვლა დაიწყოს“, – აცხადებს კენტი „ამერიკის ხმასთან“.

სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის თქმით, საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საარჩევნო და სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმები. ხოლო პოლიტიკოსები უნდა შეთანხმდნენ, რომ ქვეყნის წარმატებისთვის კომპრომისია საჭირო და არა მოწინააღმდეგის ბოლომდე განადგურების სურვილი.

„ქართველებმა უნდა გააცნობიერონ, რომ არსებობს ეროვნული პროექტი წარმატებისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ არ უნდა ეცადო შენი პოლიტიკური მოწინააღმდეგის ბოლომდე განადგურებას. პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა. უნდა მოხდეს სამომავლო გზაზე შეთანხმება და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს იმ გამოწვევების გადალახვას, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას“, – აცხადებს კენტი „ამერიკის ხმასთან“.

როგორც „ამერიკის ხმა“ წერს, სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის სრული ინტერვიუ შაბათს გამოქვეყნდება.