პოზნერის ვიზიტზე ზღვარგადასული რეაქცია დააზიანებს ტურიზმს და ჩვენს მოქალაქეებს - კვირიკაშვილი

პუბლიკა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისში ვლადიმერ პოზნერის ვიზიტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

კვირიკაშვილი წერს, რომ მისთვისაც მიუღებელია პოზნერის პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, თუმცა ექსპრემიერის აზრით, ზღვარგადასული რეაქცია, რომელიც პოზნერის ვიზიტს მოჰყვა, საქართველოს ეკონომიკას და მოსახლეობის ღარიბ ფენას გაურთულებს ცხოვრებას.

„ჩემთვისაც, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და გადაწყვეტილების სუვერენულად მიღების უფლება ხელშეუხებელი ფასეულობაა, შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანის შეხედულება თუ გამონათქვამი, რომელიც პროპაგანდირებს საპირისპიროს, მიუღებელია და ისევე აღმაშფოთებელი, როგორც ყველა ქართველი პატრიოტისთვის. ასევე შეუძლებელია მოიწონო ანტიპანდემიური წესების დემონსტრატიულად დარღვევა.

ახლა ცოტა მეტი პრაგმატიზმით შევხედოთ ამ მოვლენას: არაეკონომისტებისათვის ზედმეტად გავამარტივებ და მიზეზებზე არ შევჩერდები, ვინაიდან პოლიტიზირება შორს წაგვიყვანს – ქართული ვალუტის კურსი ძირითადად იმ 4 მატერიალურ ფაქტორს უჭირავს, რომელიც ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოსვლას განაპირობებს:

1. ექსპორტი

2. უცხოური ინვესტიციები

3. ფულადი გზავნილები

4. ტურიზმი

მეხუთე – არამატერიალური ფაქტორი – რომელიც განაპირობებს სრული დოლარიზაციისგან თავის შეკავებას და ანაბრების მნიშვნელოვანი მასის ეროვნულ ვალუტაში შენახვას, გახლავთ ადამიანების მოლოდინები და ზოგადი ოპტიმიზმის დონე“, – წერს კვირიკაშვილი.

პრემიერის თქმით, უცხოურ ინვესტიციებში მნიშვნელოვანი ჩავარდნაა და საქართველოს ამისი კომპენსირება ახლა მხოლოდ ტურიზმით შეუძლია, რადგან დანარჩენ ფაქტორებს სხვადასხვა გარემოება უშლის ხელს. ხოლო ტურიზმის პოზნერის ვიზიტზე აქტივისტების რეაგირება დააზიანებს, რადგან საქართველოს მეტწილად რუსი ტურისტების იმედი უნდა ჰქონოდა.

„იმ მწირი დებეტიდან, რაც საქართველოს ტურიზმში შემორჩა, ყველაზე მნიშვნელოვანი ეფექტის მიღება შეიძლება მხოლოდ იმ ქვეყნებიდან, ვისთანაც სახმელეთო საზღვარი გაგვაჩნია. ამ ოთხი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთაგან ტურისტის პროპორციული შემადგენელი ყველაზე მაღალი რუსეთიდან გვაქვს. ეს ყველაფერი მშრალი ფაქტებია.

შესაბამისად, წუხანდელი საღამო და ის ზღვარგადასული რეაქცია, რაც ვიხილეთ, გარდაუვალად დააზიანებს დარჩენილთა შორის ვალუტის შემოდინების იმ უმსხვილეს უცხოური ვალუტის ნაკადს, რაც შეიძლებოდა მიგვეღო რუსეთიდან უმეტესად სახმელეთო, და ასევე საჰაერო გზით შემოსული ტურისტებისგან.

სამწუხაროდ, შედეგი სავალალო იქნება: საქართველოს გაჭირვებული მოსახლეობისთვის (არა მარტო მათთვის, ვინც ტურიზმით პირდაპირ თუ ირიბად სარგებლობს) ისედაც მძიმე მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება“, – წერს კვირიკაშვილი.