ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა აცხადებს, რომ თუ 7 ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებული განცხადება საკმარისი არ არის, თვითონ მე-8 დეპუტატი იქნება, რომელიც განცხადებას შეუერთდება.
„განცხადების ავტორები ძირითადად ევროპარლამენტის თავმჯდომარე წევრები არიან, თუ ეს საკმარისი არ არის, ნება მომეცით, ამ განცხადებას მივუმატო ჩემი, ვიცე-თავმჯდომარის მე-8 ხმა. დიახ, შეთანხმების მიღწევის შეუძლებლობას – თუნდაც ისეთი კარგის, როგორიც ბატონმა დანიელსონმა გამოაქვეყნა, შეიძლება, ნამდვილად მოჰყვეს შედეგი. ევროკავშირი პარტნიორია და არა ინსტრუმენტი“, – წერს Twitter-ზე გრეგოროვა და ელენე ხოშტარიას სტატუსს აზიარებს, სადაც „დროას“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტარების დისკრედიტაცია დაიწყო. ხოშტარიას მაგალითად მოჰყავს კახა კუჭავას განცხადება, სადაც მან ევროპარლამენტარების წერილზე აღნიშნა, რომ „შეცდომა გაეპარათ, ან მიკერძოებულები არიან“. ხოშტარია ასევე აქვეყნებს გია ვოლსკის განცხადებასაც, სადა მან აღნიშნა, რომ „ეს არის 7 ევროპარლამენტარის მიმართვა და იქ რამდენიმე ასეული ევროპარლამენტარია“
1 აპრილს გავრცელდა ევროპარლამენტარების განცხადება საქართველოში დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ჩაშლილი მოლაპარაკების შესახებ.
7 ევროპარლამენტარის ერთობლივი განცხადება აკრიტიკებს ქართველ პოლიტიკოსებს, რომ ვერ შეძლეს კომპრომისზე წასვლა და შეთანხმების მიღწევა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩაშლილ მოლაპარაკებებს ევროკავშირისგან შედეგები მოჰყვება. მათ შორის, ევროპარლამენტი მოითხოვს საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეზღუდვას, ხოლო ქართველ პოლიტიკოსებს აღარ უნდა ჰქონდეთ ევროკავშირთან ძველებურად ურთიერთობის გაგრძელების იმედი.