„დაასრულე კომენდანტი!” – ამ მოთხოვნით მოქალაქეები პარლამენტის წინ აქციას მართავენ.
აქციის ორგანიზატორთა შორის არიან მოძრაობა „სირცხვილია”, პლატფორმა „დროა”, „გირჩი-მეტი თავისუფლება” და მოძრაობა „სოცაფეთქება”.
მათი თქმით, გადაადგილების შეზღუდვას პანდემიასთან ბრძოლასთან საერთო არ აქვს და მხოლოდ მთავრობის პოლიტიკურ იარაღს წარმოადგენს.
„უკვე ერთი წელია შეზღუდული გვაქვს გადაადგილების უფლება 21:00-ის შემდეგ. დაუსრულებელი კომენდანტის საათი აუარესებს ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
გადაადგილების შეზღუდვა ანგრევს ჩვენს ეკონომიკას. თვითდასაქმებულ ადამიანებს შეგვიმცირდა ან სრულად წაგვერთვა თავის და ოჯახის რჩენის საშუალება. კომენდანტის საათის გამო ხელოვნურად იტვირთება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მასში მყოფი ადამიანები არიან დაავადების საფრთხის ქვეშ”, – ნათქვამია facebook-განცხადებაში.
„როგორ ვიცხოვრებთ ჩვენ, ამას გადავწყვეტთ ჩვენ”, „თქვენ თვითონ დარჩით სახლში 9-ის მერე”, – ვკითხულობთ აქციის მონაწილეთა ბანერებზე.
ორგანიზატორები აცხადებენ, რომ გეგმავენ, დემონსტრაციულად დაარღვიონ კომენდანტის საათი. ღამით იგეგმება კონცერტის გამართვაც.