დაუყოვნებლივ მიიღონ პრევენციული ღონისძიებები მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოებისთვის - კოალიცია

პუბლიკა

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” ტელეკომპანია „ფორმულას” თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტებს ეხმაურება.

„ჩვენი ინფორმაციით, თავდასხმის მოტივი კრიტიკულ მედიასაშუალებაში მუშაობაა. მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ მოხდეს სწრაფი რეაგირება თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით.

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს გააკეთონ ღია განცხადებები მედიის მხარდაჭერისათვის და გახშირებული თავდასხმების შესაჩერებლად. დაუყოვნებლივ მიიღონ პრევენციული ღონისძიებები მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“,- ნათქვამია განცხადებაში.

ტელეკომპანია ფორმულას ცნობით, მათ ორ თანამშრომელს თავს დაესხნენ და მათზე ფიზიკურად იძალადეს. ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს.

მომხდართან დაკავშირებით „პუბლიკა“ შსს-ს დაუკავშირდა, თუმცა დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ მიგვიღია.