ქვეყანაში კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის მუშაობა საშიში ხდება - TI

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, საგანგაშო ტენდენციის სახე მიიღო მედიის წარმომადგენლებზე და ამ შემთხვევაში, ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტებმა.

ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს იმოქმედონ კანონის ფარგლებში, სასწრაფოდ გამოიძიონ აღნიშნული ინციდენტები და საზოგადოებას დროულად აცნობონ გამოძიების შედეგები.

„ტელეკომპანია „ფორმულასთან“ დაკავშირებული მორიგი ინციდენტები ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად რთული და საშიში გახდა მედიისათვის მუშაობა ქვეყანაში არსებული მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში. ფაქტია, რომ ხელისუფლება ვერ ახერხებს კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას. მმართველი პარტიის აგრესიული რიტორიკა კრიტიკული აზრის მიმართ, პროოპოზიციური მედიის მფლობელებისა თუ მენეჯერების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ჩარევის თუ თავდასხმის გამოუძიებელი ფაქტები, ცალსახად ახალისებს ქვეყანაში ძალადობას მედიის წარმომადგენლების და ზოგადად, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას დროულად გამოიძიონ მედიის თანამშრომლების წინააღმდეგ მიმართული მორიგი ინციდენტები. მნიშვნელოვანია, რომ მმართველმა პარტიამ რადიკალურად შეცვალოს საკუთარი დამოკიდებულება განსხვავებული აზრის და ზოგადად კრიტიკული მედიის მიმართ“,- ნათქვამია განცხადებაში.

ტელეკომპანია ფორმულას ცნობით, მათ ორ თანამშრომელს თავს დაესხნენ და მათზე ფიზიკურად იძალადეს. ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ სოფელ გამარჯვებაში ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის დაზიანების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. გამოიკითხა ავტომობილის მფლობელი, რომელმაც აღნიშნა, რომ არის ტელეკომპანია „ფორმულას” მძღოლი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

„რაც შეეხება მეორე ფაქტს, რომელზეც ტელეკომპანია „ფორმულა” საუბრობს, შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება არ შემოსულა. ინფორმაციის მიღებისთანავე, უწყება შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს“,- აცხადებენ შსს-ში.