რომელი მწარმოებლის რამდენი ვაქცინაა დარჩენილი - გამყრელიძის განმარტება

პუბლიკა

დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში შემოსული ვაქცინების შესახებ ისაუბრა. გამყრელიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განმარტა – დღეისთვის რომელი მწარმოებლის ვაქცინაა ქვეყანაში და რამდენი დოზაა უკვე გახარჯული.

ამირან გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპისთვის საქართველოში შემოსულია 3 მწარმოებლის ვაქცინა, რომელთა რაოდენობაც ასე ნაწილდება:

  1. AstraZeneca – 43 000 დოზა,რომლის 13 000-14 000 დოზა გახარჯულია;
  2. Pfizer – 29 250 დოზა, რომლის 8 000, თითქმის 9 000 დოზა გახარჯულია.
  3. Sinopharm – 100 000 დოზა, რომელიც დასაწყობებულია, ჯანმო-ის მიერ ავტორიზაციის მინიჭებამდე.

გამყრელიძის თქმით, Astrazeneca-თი მოსახლეობის პირველი დოზით აცრა გრძელდება, თუმცა Pfzier-ის პირველი დოზის მიღებას ამ ეტაპზე ახალი პირები ვეღარ შეძლებენ.

„Pfizer-ით ჯერჯერობით ახალი მოქალაქეები ვეღარ აიცრებიან. იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით დარჩენილი დოზები ორგანოგადანერგილ პირებზე გადანაწილდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება Pfizer-ის მეორე დოზით აცრებს,  მისი თქმით, ამ ეტაპზე შემოტანილი ვაქცინით 14 000 ადამიანი უნდა აიცრას და ჯერ კიდევ მიმდინარეობს პირველი ეტაპის აცრები, რომლებიც სავარაუდოდ, 18-19 აპრილს დასრულდება, რის შემდეგაც გაიხსნება რეგისტრაცია მეორე დოზაზე.

„რეგისტრაცია გაიხსნება დაახლოებით 22 რიცხვიდან, მოქალაქეებსაც სულ მალე ეცნობებათ. მათ მიუვათ შეხსენება და ხელახლა უნდა დარეგისტრირდნენ მეორე დოზისთვის“, – განაცხადა გამყრელიძემ.