„დღეს ნახტომი გვაქვს პირველი, იანვრის შემდეგ არ ყოფილა 1000-ზე მეტი შემთხვევა ერთი დღის განმავლობაში“, – ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და განმარტავს, რომ არსებული ეპიდსიტუაცია ქვეყანაში „ძალიან საყურადღებო და საგანგაშოა“.
დღევანდელ ბრიფინგზე მან ყურადღება გაამახვილა დადებითობის მაჩვენებლის ზრდაზეც და თქვა, რომ საყურადღებო მდგომარეობაა, როცა დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3%-ს გადასცდა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 524 კვლევა ტესტით, აქედან 28 078 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 446 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 374 ახალი შემთხვევა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 აპრილის მდგომარეობით დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.66 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.46%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.58 %.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 422 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 278 251-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 894 პაციენტი ემსხვერპლა.