თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიზნესმენ დავით კოდუას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
წინასასამართლო სხდომა 1 ივნისს, 12 საათზე ჩაინიშნა.
დავით კოდუა 12 აპრილს დააკავეს. საქართველოს პროკურატურამ მეუღლისა და შვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის საქმეზე მას ბრალი წარუდგინა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 11 აპრილს, ქ.თბილისში, დ.კ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლის – ნ.გ.-ს და შვილის ე.კ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.
სამართალდამცველებმა დ.კ. 2021 წლის 12 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.