მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა კოლექტიური საკუთრების გასხვისებაზე თავისი განცხადება განმარტა და აღნიშნა, რომ მის ნათქვამს სპეკულაციები მოჰყვა.
„მინდა განვმარტო კოლექტიურ საკუთრებასთან დაკავშირებით ჩემი განცხადება, რამაც გარკვეულ წრეებში ღელვა გამოიწვია. თითქოს საბჭოთა სოციალიზმში ვაბრუნებთ ვიღაცებს. ვისაც ჩვენი გამოსვლები მოუსმენია ხოლმე იცის რასაც ვგულისხმობ. ჩვენ ვსაუბრობთ იმ საერთო სიმდიდრეზე რასაც წარმოადგენს: მიწა, ტყე, მდინარე. რაც ყველას საკუთრებაა. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ საერთო საკუთრებს და არავის აქვს უფლება ის რაც საერთო საკუთრებაა თავისი ვიწრო ინტერესების მიხედვით განკარგოს. ამაზე ვსაუბრობდი და სპეკულაციები ზედმეტია. იმედია ამას მეტი გაგრძელება არ ექნება.“- აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.
კოლექტიური საკუთრების გასხვისებზე ვარლამ გოლეთიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში 17 აპრილს ისაუბრა.
„მიწის საკითხი არის ჩვენთვის წითელი ხაზი. მიწასთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს რამდენიმე მიმართულებით. 381 ჰექტარი სამუდამო მფლობელობაშია თურქული კომპანიისთვის და აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენი კოლექტიური რესურსის ასე გასხვისება კერძო პირზე, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
მისივე თქმით, მიუღებელია, როდესაც დიდი ტერიტორია, ხეობა გადადის რომელიმე კერძო პირის ხელში.
„ხაზგასმით მინდა, ვთქვა, რომ უშუალოდ თურქულ კომპანიაზე არ არის საუბარი. ქართველი კერძო პირიც რომ იყოს, იგივენაირად პრობლემა გვაქვს ამაზე. არ შეიძლება, როდესაც გეოგრაფიული არეალი დიდი ტერიტორია, ხეობა გადადის რომელიმე კერძო პირის ხელში, ეს არის მიუღებელი“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
„ეროვნული ინტერესებისთვის და ზოგადად, სტრატეგიულ ობიექტს როდესაც ეხება საკითხი, არ შეიძლება, მისი მფლობელი ყოველთვის იყოს რომელიმე კერძო პირი, ეს არის მიუღებელი. ჩვენ გვინდა, რომ სტრატეგიული ობიექტები თუკი აშენდება ქვეყანაში და აუცილებლად უნდა აშენდეს, ააშენოს პირველ რიგში, სახელმწიფომ და მფლობელი იყოს ქართული საზოგადოება“, – განაცხადა გოლეთიანმა.