რა წერია შეთანხმების ახალ დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე

პუბლიკა

დღეს ევროკავშირის ოფისში გამართულ შეხვედრაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. წინადადება პრეზიდენტ მიშელს მიაჩნია დაბალანსებულად, ასევე რეალისტურად.

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განმარტებით, შეთანხმების ტექსტი გადაცემული იყო ყველა პარტიისადმი, როგორც „ქართული ოცნების“, ისე ოპოზიციური პარტიებისადმი და რამდენიმე პარტიამ ითხოვა დრო კონსულტაციებისთვის.

შეთანხმების დოკუმენტი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა. დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ პარტია „ქართული ოცნება“ მიიღებს მოქმედი პროპორციული ხმების 43 პროცენტზე ნაკლებს 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

შეხვედრაზე, რომელიც 7 საათზე ევროკავშირის ოფისში გაიმართა „ოცნების“ წარმომდგენლები არ ესწრებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პრინციპების დონეზე დოკუმენტი მისაღებია და პარტიების პოლიტსაბჭოებთან დამატებითი კონსულტაციების გავლის შემდეგ ხელმოსაწერად მზად არიან.