20 ივნისის საქმეზე ამნისტიის საკითხი ჩვენთვის პრობლემურია | მინაშვილი

პუბლიკა

დღეს ევროკავშირის ოფისში გამართულ შეხვედრაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა.

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განმარტებით, შეთანხმების ტექსტი გადაცემული იყო ყველა პარტიისადმი, როგორც „ქართული ოცნების“, ისე ოპოზიციური პარტიებისადმი და რამდენიმე პარტიამ ითხოვა დრო კონსულტაციებისთვის.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის აკაკი მინაშვილის თქმით, 20 ივნისის საქმეზე ყველა ბრალდებულის ამნისტიის საკითხი მათთვის მიუღებელია, ასევე პრობლემურია ვადამდელის ჩატარების საკითხის მიბმა თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე.

„ჩვენ გვაქვს პრობლემები დოკუმენტის რამდენიმე ნაწილთან დაკავშირებით. კარგია, რომ იქ საუბარია ორივე პოლიტპატიმარზე, თუმცა ამნისტიის საკითხზე ნიკა მელიას წუხილი თქვენ იცით. ამნისტია არ უნდა გავრცელდეს ყველა იმ ადამიანზე ვინც გამოიყენა ძალადობა 19-20 ივნისის მოვლენების დროს. ეს არის ჩვენი პოზიცია. ვადამდელზე რაც შემოთავაზებულია არ ვფიქრობთ რომ ვადამდელამდე მისასვლელი სწორი გზაა. თვისობრივად განსხვავებული არჩევნებია ადგილობრივი. ამიტომ ამ მიდგომამ შეიძლება კიდევ უფრო მეტი პრობლემა შექმნას. დისკუსია არ დასრულებულა.“ – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტში საუბარია ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლებაზე. ამავე დოკუმენტში წერია, რომ პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.